რა მოხდა GTTV-ში - „ხელმძღვანელი მიყვიროდა, შენ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელიო“

პუბლიკა

14 ივნისს ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ საინფორმაციო გამოშვება „სტრიმის“ წამყვანმა, მიხეილ გოგილავა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა რეჟისორ გოგა ხაინდრავასთან 13 ივნისს ჩაწერილი ინტერვიუ წარწერით:

„გოგა ხაინდრავა რომ თავისუფლებას არ უდრის ეს ყოველთვის ვიცოდი, მაგრამ თუ კრიტიკული კითხვების დასმა სამსახურის დაკარგვას უდრიდა, არ წარმომედგინა იქ, სადაც ვმუშაობდი, რადგან „სტრიმში“ ყოველთვის გვქონდა პრეტენზია, რომ ობიექტურად ვაშუქებდით იმას, რაც საოგადოებას აწუხებს“.


ტელეწამყვანი აღნიშნავდა, რომ „სტრიმის“ ეთერში გასული ინტერვიუ, რომელიც ცალკე იყო გამოქვეყნებული, სოციალური ქსელიდან წაიშალა.

13 ივნისის გამოშვების სრული ჩანაწერი „ჯორჯიან თაიმსის“ Facebook-გვერდზე იძებნება, თუმცა ცალკე გამოქვეყნებულ ინტერვიუს ფრაგმენტს ვერ მივაკვლიეთ. „პუბლიკა“ დაინტერესდა მედიაჰოლდინგის პოზიციით.

რას ამბობს მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“

ამ საკითხზე „ჯორჯიან თაიმსმა“ განცხადება დღეს, 15 ივნისს გაავრცელა და სიცრუე უწოდა მედიაში გავრცლებულ ინფორმაციას, რომ კრიტიკული კითხვების გამო ტელეწამყვანი მიხეილ გოგილავა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეთერი იყო ემოციური, წამყვანს კრიტიკული კითხვების შინაარსის გამო ხელმძღვანელობისგან შენიშვნა არ მიუღია. მეტიც, ერთ-ერთი, ასევე კრიტიკული კითხვის იდეა, წამყვანს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმაც მიაწოდა.

იმის დასტურად, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ის ფაქტიც ჩაითვლება, რომ მიხეილ გოგილავამ მეორე დღესვე წაიყვანა საინფორმაციო გამოშვება „სტრიმი“. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, წამყვანი თავისი ინიციატივით შევიდა ხელმძღვანელების კაბინეტში, სხვა არგუმენტით, თავად მიიღო წასვლის გადაწყვეტილება და სწრაფი ტემპით დატოვა როგორც კაბინეტი, ასევე ტელევიზიის შენობა. ჩვენ მისი საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე, მის მიერ გავრცელებული პოსტით შევიტყეთ, რადგან პირადი ნივთები მას რედაქციაში დღემდე აქვს დატოვებული“, – აცხადებს „ჯორჯიან თაიმსი“.

მედიაჰოლდინგის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ გოგილავამ კატეგორიულად მოითხოვა „სტრიმის“ მთლიანი გამოშვებიდან ამოჭრილი პოლემიკა რესპონდენტთან ცალკე გაზიარებულიყო სოციალურ ქსელში.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვისაც „სტრიმის“ სრული გამოშვება გოგა ხაინდრავას დებატების ჩათვლით ახლაც დევს ჩვენს გვერდზე და შეუძლია ნებისმიერმა ნახოს. ეს კი პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ არანაირ ცენზურას ადგილი არ ჰქონია და ვერ ექნებოდა.

მანამდე, ოთახში, მას ერთ-ერთმა მენეჯერმა დაუსვა კითხვა, როგორ თვლის, არის თუ არა „ჯორჯიან თაიმსი“ თავისუფალი ტელევიზია? მან გამომწვევად უპასუხა: „როგორც თქვენ ამბობთ – კი“. ზუსტად ამის შემდეგ მან გადაწყვიტა თავად დაეტოვებინა მენეჯერების კაბინეტი და ჰოლდინგის შენობაც“, – წერია განცხადებაში.

კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად მომხდარი ინციდენტისა, წამყვანი მიხეილ გოგილავა ამ დრომდე ირიცხება, როგორც მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ თანამშრომელი და მას წარმატებას უსურვებს.


„პუბლიკამ“ „ჯორჯიან თაიმსის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ჰკითხა, რატომ წაიშალა ინტერნეტსივრციდან „სტრიმის“ ეთერში გასული ინტერვიუს ცალკე გამოქვეყნებული ფრაგმენტი?

„საინფორმაციოს სტრიმში ახლაც არის გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს ნაწილი, არ წაშლილა. უბრალოდ ჩვენ ცალკე ვდებთ ხოლმე ჩართვებს სოციალურ ქსელში. ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ არ გაეშვათ ეს [ცალკე] იმიტომ, რომ ბოტებისა და ტროლების თავდასხმებისგან თავი შეეკავებინათ, მეტი არაფერი. თორემ ცენზურა რომ ყოფილიყო, მთლიანი სტრიმიც წაშლილი უნდა ყოფილიყო, არა? კი არ წავშალეთ, არ დადებულა. ბოტებისა და ტროლების გინებისგან თავი შევიკავეთ. აქამდეც ვდებდით ფრაგმენტებს და მომავალშიც დავდებთ. თავდასხმებისგან თავი რომ დავიცვათ, მარტო ეგ ერთი შემთხვევა კი არ ყოფილა, ყოფილა შემთხვევა, რომ მოდი, ეს არ დავდოთ ცალკე, რადგან შეიძლება თავდასხმის ობიექტი გავხდეთ ტროლებისა და ბოტების მხრიდან, ამისგან თავდაცვაზეა ლაპარაკი“, – ამბობს „ჯორჯიან თაიმსის“ საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი ბენო ჯოხიძე.

„მიყვიროდა, შენ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელიო“ – რას ამბობს ტელეწამყვანი

„ხელმძღვანელობასთან ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მაიძულეს, რომ წავსულიყავი“, – ამბობს „პუბლიკასთან“ მიხეილ გოგილავა.

მისი თქმით, ჰოლდინგის ხელმძღვანელობასთან ერთადერთი მოთხოვნით მივიდა – Facebook-გვერდზე დაედოთ ვიდეო, რომელიც მანამდე ცალკე მონაკვეთის სახით გამოქვეყნებული იყო და შემდეგ წაიშალა.

„ბატონმა ხელმძღვანელმა თვითონ მოუწოდა ყველას, რომ აეტვირთათ ვიდეო, მაგრამ შემდეგ როცა ეთერიდან გამოვედი, ყველაფერი შეიცვალა და არ ვიცი რა მოხდა, ვისი ზეგავლენის ქვეშ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ წაიშალა. მე მაინტერესებდა, რატომ წაიშალა ეს და ამაზე პასუხი არ მიმიღია და არც ვიდეო ატვირთულა. მივედი და ვუთხარი და დამიწყეს ყვირილი, ვერ გავიგეთ ჩვენთან რატომ მოდიხართო და ვუპასუხე, რომ თქვენთან იმიტომ მოვდივარ, რომ ვიცი, გუშინ შენ თვითონ დაადებინე ეს ვიდეო და თუ შენ ხარ პასუხისმგებელი, ლოგიკურია, რომ შენთან მოვდივარ-მეთქი.

ამის მერე თვითონ მფლობელმა, მალხაზ გულაშვილმა მითხრა, რომ შენ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელიო, იგივე კითხვებით იყავი გუშინო – ამას ყვირილით მეუბნებოდა. ერთ-ერთი თანამფლობელი მეუბნებოდა, რომ შენ ხარ არაპროფესიონალი ჟურნალისტიო, შენ შეგიძლია საკუთარი ტელევიზია გახსნა და ეგეთი კითხვები იქ დაუსვა ვისაც გინდაო“, – ჰყვება მიხეილ გოგილავა შეხვედრაზე, რომელსაც, მისი თქმით, სამი თანამფლობელი და ორი პროდიუსერი ესწრებოდა.

როგორც ტელეწმაყვანი „პუბლიკასთან“ ამბობს, რეპლიკაზე – „მეგონა დამოუკიდებელ მედიაში ვმუშაობდი“, (რადგან მისი თქმით, აქამდე „სტრიმის“ საქმიანობაში არავინ ჩარეულა) – ერთ-ერთმა თანამფლობელმა უპასუხა – „ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ დამოუკიდებელი მედია ვართო“.

„ამის მერე ყვირილი განაგრძეს… ამას ერთი თანამფლობელის გარდა ყველა ყვირილით მეუბნებოდა. მილიონჯერ მოვუწოდე, რომ არ ეყვირათ და ნორმალურად ელაპარაკათ. ამდენი ღირსების შელახვის მერე აუცილებელი არ არის ადამიანმა პირდაპირ გითხრას წადი სამსახურიდან და გაგდებო. ყველანაირად ჩაერივნენ, მეგონა, რომ გოგა ხაინდრავა მეჯდა კაბინეტში ისეთებს მელაპარაკებოდნენ და ამის მერე იქ როგორ უნდა მემუშავა უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. წამოვედი სამსახურიდან, ყველაფერი ქნეს, რომ წამოვსულიყავი და გაგდებაში არ ჩათვლოდათ.

დღეს რა განცხადებაც გაავრცელა „ჯორჯიან თაიმსმა“ ეს არის აბსოლუტური სიცრუე, თითქოს პროდიუსერი იდეებს მაწვდიდა კითხვაზე, არანაირი იდეა არავის არ მოუწოდებია ჩემთვის და რეალურად იქ რაც თქვეს, ვითომ კითხვა დამისვეს თურმე – თავიუფალი არის თუ არა მედია და მე თითქოს რაღაც პასუხი გავეცი, ეს მონაკვეთ პირდაპირ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ საერთოდ არ ყოფილა“, – ამბობს გოგილავა.

ჟურნალისტი ჰოლდინგის განცხადებაში აღნიშნულ დეტალზე, რომ მას პირადი ნივთები კვლავ კომპანიაში აქვს დატოვებული ამბობს – „ისე გამაგიჟეს, წაღებაც კი დამავიწყდა ყველაფრის და გავრბოდი იქიდან, ისეთ შეურაცხყოფილი გამოვედი“.

მისივე თქმით, გუშინ თანამშრომლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს, რის გამოც ზოგიერთმა მათგანმა საყვედურიც მიიღო – „ახლა ცალკე აგორდა კამპანია, ჩემი გაშავება მიდის, რომ თურმე მე ჩავაფურთხე „იმ ჯამში საიდანაც ვჭამდი“. მე შოკში ვიყავი როცა თქვეს, რომ ჩვენ დამოუკიდებელი მედია არ ვართო, ჩვენ არასდროს არ გვითქვამსო ესო…“.

შეკითხვაზე – როგორ დაასაბუთა კომპანიის ხელმძღვანელობამ ვიდეოს წაშლა, გოგილავა ამბობს – „ცალკე იმიტომ არ დავდეთო, რომ შენს რეპუტაციაზე ვზრუნავდით, რომ შენთვის ვინმეს „ნაციონალი“ არ დაეძახაო. ყველას მონაკვეთი ყოველთვის დადებულა, გადაცემა „ტელეგრამის“ ფრაგმენტიც კი დაიდო, სადაც მორგოშია და ეგეთი სამარცხვინო სტუმრები ჰყავდათ მოწვეული, ეგ დადებულა და ჩემი კრიტიკული შეკითხვები გახდა იმის საფუძველი, რომ ჩემი მონაკვეთი არ ყოფილიყო?“, – ამბობს გოგილავა.

კომპანიის განცხადების საპასუხოდ, რომ მომდევნო დღეს გოგილავას კვლავ მიჰყავდა „სტრიმი“, ჟურნალისტი პასუხობს, რომ გადაცემის თანაწამყვანი და მეგობარი ცუდად გახდა, ამირომ პროდიუსერმა სთხოვა, საინფორმაციო გამოშება კოლეგის ნაცვლად წაეყვანა.

„პროდიუსერმა დამირეკა,15 წუთში მანდ ვიყავი, რომ მომესწრო, ეთერი არ ჩამეგდო და მის მიმართ პატივისცემა გამომეხატა“, – ამბობს ტელეწამყვანი და კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებას „ამორალურს“ უწოდებს.

მიხეილ გოგილავა ასევე იხსენებს, რომ ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას შენიშვნა მიიღო, რომ არ უნდა ეხსენებინა „ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა“. ჟურნალისტი ამბობს, რომ კონტექსტის გათვალისწინებით, ეს სწორი სახელდება იყო, თუმცა სტრატეგიულად არასწორი, რადგან ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ გოგა ხაინდრავამ ეთერი დატოვა. კომპანიის აინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი „პუბლიკასთან“ აღნიშნავს, რომ ეს შენიშვნა სამუშაო პროცესის ნაწილი იყო და არა ცენზურის მცდელობა.