საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სხდომა დღეს, 13 ნოემბერს, გაიმართება.
გიორგი გახარიასთვის, რომელიც თვეებია, საქართველოში არ იმყოფება, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პატიმრობის შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ადვოკატები გახარიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას იშუამდგომლებენ.
გახარიას პროკურატურამ ბრალი ორ საქმეზე – 20 ივნისზე და ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდზე – წარუდგინა.
გიორგი გახარიას ადვოკატი ბერდია სიჭინავა TV პირველთან განმარტავს, რა მტკიცებულებებს ემყარება ბრალდების დადგენილება:
„20 ივნისთან დაკავშირებით საკმაოდ მოცულობითი საქმეა, დაახლოებით, 14 ტერაბაიტზე არსებული ინფორმაცია.
გიორგი გახარიას ედავებიან ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, წარმოიდგინეთ, წინასწარ დაგეგმა გიორგი გახარიამ, სხვისი ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ დაეზიანებინა, ოღონდ არაა დადგენილი, გამოკვეთილი, ვინ იყო აღმსრულებელი, ვინც შეასრულა ეს დავალება და სხვას დაუზიანა ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ.
პირდაპირ წერია ბრალის შესახებ დადგენილებაში, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია. თუ რეზინის ტყვიებმა დააზიანა ვიღაცის ჯანმრთელობა განზრახ მძიმედ, გიორგი გახარიას ეს ბრძანება ფაქტობრივად არ გაუცია, მაგრამ გიორგი გახარიას ედავებიან ამის ორგანიზებას, ეს არის სამართლებრივი სისულელე, სიგიჟე, აბსურდი.
არიან გამოკითხულნი, მათ შორის, სპეცრაზმელების ჩვენებებიც დევს საქმეში, თანამდებობის პირების, ექსპერტიზის დასკვნები.
ჩორჩანის საქმე არის საქართველოს ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული… ორად ორი უწყება არის, რომელიც პრეტენზიას უყენებს გიორგი გახარიას ამ საქმესთან დაკავშირებით, ერთი – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურა, სადაც მიმდინარეობს გამოძიება და დღეს უკვე ქართული პროკურატურა, რომელიც რეჟიმის მსახურებაშია გადასული.
…რამდენიმე ნაწილადაა ეს საქმე გაყოფილი. ჩათვალეთ, დამბეზღებლების ჩვენებებით იწყება, როგორიცაა ნანა კაკაბაძე, ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ა.შ. შემდეგ გრძელდება მაკულატურით, მერე უკვე მოწმეების ჩვენებებით, რომ თურმე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისგან გაიგო სუსის უფროსმა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა იგეგმებოდა. მოწმეების ჩამონათვალია, როგორიცაა ლევან იზორია, ჩაჩიბაია, სუჯაშვილი და ა.შ.
სულ რამდენიმე ფურცელზე დაეტია ის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ედავებიან გახარიას, ოღონდ ბრალში ეს არაა, უბრალოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება აქვს ბრალად წარდგენილი. არც „დიფ სტეიტი“ წერია, არც მტრული სახელმწიფო წერია, ვისი დავალებით მოქმედებდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესაა შეთითხნილი საქმე და ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა“, – თქვა სიჭინავამ.
ადვოკატის განცხადებით, აპირებენ, ინტერპოლი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ გიორგი გახარია საქართველოში პოლიტიკური დევნილია.
რაც შეეხება ექსტრადიციის საკითხს, ბერდია სიჭინავას განმარტებით, თუ სასამართლო გახარიას მიმართ პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილებას მიიღებს, სახელმწიფო შიდასახელმწიფოებრივ დონეზე ძებნის შესახებ დადგენილებას გამოსცემს, ამის შემდეგ კი შესაძლებელი გახდება, საექსტრადიციო პატიმრობის მოთხოვნით მიმართონ იმ სახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო კონვენციის ხელშემკვრელი მხარეა. გიორგი გახარიას შემთხვევაში ეს ქვეყანა გერმანიაა.
ადვოკატის თქმით, ქართულ მხარეს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ გახარიას, რომელიც პოლიტიკური დევნის ობიექტია, საქართველოს გადმოსცემენ.
გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საქმე აღიძრა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისა და ჩორჩანის საგუშაგოს ეპიზოდებზე.
პროკურატურის ვერსიით, 20 ივნისის საქმეზე გახარიამ გდდ-ის თანამშრომლებს „ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას.“
ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით კი პროკურატურა ამბობს, რომ გახარიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, შესაბამისი უწყებების საქმის კურსში ჩაყენების გარეშე მიიღო.
ექსპრემიერს რომელიც თვეებია, საქართველოში არ იმყოფება, ბრალდება ორი მუხლით წარედგინა:
- 25-117 მუხლის მე-3 ნაწილის (მ) ქვეპუნქტით – ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ამსრულებლისა და თანამონაწილის პასუხისმგებლობით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
- მუხლი 333, მე-2 ნაწილი – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.