რა ნიშნით გაათავისუფლეს სოციალური მუშაკები - ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

პუბლიკა

გასულ კვირაში ჯანდაცვის სამინსიტროში გამოცხადებული რეორგანიზაციის სახელით სოციალური მომასხურების სააგენტომ დაკავებული თანამდებობებიდან 28 სოციალური მუშაკი გაათავისუფლა. უწყება მიზეზად რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ბუნდოვანია, რა ნიშნით მოხდა მათი შერჩევა. წინა კვირას სოცმუშაკთა პროფკავშირში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა სოცმუშაკმა განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფილია ამ გადაწყვეტილების გამო და გეგმავს თავისი და სხვა გათავისუფლებული სოცმუშაკების ღირსება სასამართლოში დაიცვას.

სოცმუშკების გათავისუფლებისა და იმის შესახებ, რა ნიშნით შეირჩა გასათავისუფლებელი სოცმუშაკები, კითხვები მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურს დავუსვით.

 

სულ რამდენი სოციალური მუშაკი გათავისუფლდა? სახელდება გათავისუფლებულთა  სხვადასხვა რაოდენობა.  

 

ჩვენთან შტატში მუშაობდა 271 სოციალური მუშაკი და პლიუს 6 გვყავდა აყვანილი შრომითი კონტრაქტით, ჯამში უნდა ყოფილიყო 277. რეალურად დასაქმებული იყო 233 სოციალური მუშაკი.

როცა ჩატარდა კვლევა, რამდენი დანიშნულიყო პირდაპირი წესით, კონკურსის გარეშე რომ უწყვეტობა შენარჩუნებულიყო, დადგინდა, რომ უნდა დანიშნულიყო 205 სოციალური მუშაკი. შესაბამისად, გადაინიშნა 205 სოციალური მუშაკი და 28-ს მიეცა ორთვიანი კომპენსაცია, რათა ამ ორი თვის ვადაში, სანამ ტრეფიკინგის ფონდი ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს გამოაცხადებდა, ჰქონოდათ შემოსავალი.

ტრეფიკინგის ფონდში სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 271-მდე უნდა შეივსოს. ასევე წლის განმავლობაში დაგეგმილია, რომ სოციალური მუშაკის რაოდენობა უნდა გაიზარდოს 350-მდე. ეს რაოდენობა გვჭირდება იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკებმა თავიანთი საქმე ხარისხიანად აწარმოონ.

ჯამში მათი რაოდენობა 350-მდე უნდა გაიზარდოს. ისინი იქნებიან ფონდის თანამშრომლები, ოღონდ გაიშლებიან რესპუბლიკის მასშტაბით.

რეალურად ტრეფიკინგის ფონდში 271 სოციალური მუშაკის შტატი გადავიდა. 205 უკონკურსოდ გადაინიშნა, ხოლო 271-ის შესავსებად გამოცხადდება კონკურსი. 350 კი არის სასურველი ციფრი, რაც კვლევით მივიღეთ. ანუ ეს ის რაოდენობაა, რომელიც გვჭირდება ხარისხის ზრდისთვის.

2020 წლის განმავლობაში მიაღწევს თუ არა ფონდში დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობა 350-ს?

ამას ვერ გეტყვით რამდენად შეძლებ 350-მდე შტატის გაზრდას ამავე წელს, მაგრამ სოციალური მუშაკების 271 შტატი გადაიტანეს. 205 იყო კრიტიკული რაოდენობა, რომ გადანიშნულიყო, იმისთვის, რომ წყვეტა არ ყოფილიყო.

რეორგანიზაცია ძალიან ზოგადი მიზეზია, რა ნიშნით შეარჩიეთ ის 28 პირი, რომლებსაც გათავისუფლებაზე ცნობა მიუვიდათ?

 2020 წლის 1 თებერვლიდან მეურვეობა-მზრუნველობის, ბავშვთა და ოჯახში ძალადობის ადმინისტრირების ფუნქცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,  დაცვისა და სახელმწიფო ფონდში გაერთიანდა.

 სოციალური მომსახურების სააგენტოს ეს ფუნქცია აღარ აქვს. რეორგანიზაციის გასაუბრებებისთვის შეიქმნა კომისია. კომისიამ ამ კრიტიკულ რაოდენობაზე 205 სოციალურ მუშაკზე ზოგადი გასაუბრებების შემდეგ  დადებითი რეკომენდაცია დადო, დანარჩენზე თავი შეიკავა. ეს იყო, თორემ გათავისუფლება რეორგანიზაციის ფარგლებში ჯდებოდა.

რადგან თავი შეიკავა, ესე იგი შერჩევის დროს კრიტერიუმი შეიძლება იყო კვალიფიკაციაც?

ვერ გეტყვით, კომისია არ იყო ორიენტირებული მათი კვალიფიკაციის დონის შესწავლაზე. ეს იყო უბრალოდ გასაუბრებები. შეიძლება ვიღაც კომისიის წევრს ჰქონდა კითხვა.

მუშაკების  სოციალური რაოდენობა თუ მაინც 271-მდე უნდა შეივსოს, მაშინ რატომ გათავისუფლდნენ, რატომ არ მოხდა მათი გადანიშვნა?

ზუსტი კვალიფიკაცია რომ განისაზღვროს, უნდა დადგინდეს საკონკურსო პირობები და ტრეფიკინგის ფონდში შეიქმნება საკონკურსო კომისია. გათავისუფლება იყო რეორგანიზაციის შედეგი, ეს არ იყო კვალიფიკაციის ნიშნით. ეს 28 სოცმუშაკი და კიდე სხვა მსურველები მონაწილეობას მიიღებენ კონკურსში და მერე უკვე ტრეფიკინგის სამსახური გადაწყვეტს, ვინ შეესაბამება გამოცხადებულ პოზიციას კვალიფიკაციით და ვინ – არა. ამავდროულად ჩვენ მათ კომპენსაცია მივეცით, რომ საკონკურსო ვადაში, ორი თვის განმავლობაში მათ არ შეჰქმნოდათ ფინანსური პრობლემები.

რეორგანიზაცია რომ ჩატარდა, გავიგეთ, მაგრამ თქვენი პასუხების მიუხედავად, ბუნდოვანია, როგორ შეირჩა ეს 28 პირი?

დადგინდა ის კრიტიკული რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო გადანიშვნისთვის. ყველა დანარჩენი, ვინც გათავისუფლდა  მონაწილეობას მიიღებს კონკურსში.

როდის გამოცხადდება კონკურსი?

ჩემი ინფორმაციით, ფონდისთვისაც  მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს 271-მდე სოციალური მუშაკის შევსება და კონკურსი, სავარაუდოდ, მალე გამოცხადდება. საჯარო სამსახურებში ვაკანსიების გვერდზე განთავსდება.

 საერთოდ რატომ გახდა საჭირო რეორგანიზაცია?

ტრეფიკინგის ფონდი იყო სერვისის მიმწოდებელი. იმ სერვისის მიმწოდებელი, რომელსაც ადმინისტრირებას ბავშვთა ზრუნვის დეპარტამენტი და სოციალური მუშაკები უკეთებდა. რეორგანიზაცია მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემაში და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, ამ ორ მიმართულებას ერთად ემუშავა.

რადგან სერვისები ახსენეთ, გკითხავთ, ყოველთვის ისმოდა ჩივილი სერვისების სიმწირეზე. რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს ტერფიკინგის ფონდის პრეროგატივაა.

რატომ გათავისუფლდა ეთერ ცხაკაია (მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი)?

იგივე შემიძლია ვთქვა. იყო კრიტიკული უმცირესობა გადანიშნული, დარჩენილებზე  პროფესიული ნიშნით ხელახლა ჩატარდება კონკურსი და ამის მერე ვიხილავთ, ვინ იქნება ამ თანამდებობებზე – ქალბატონი ეთერი თუ სხვა. მისი გათავისუფლების მიზეზიც იყო რეორაგნიზაცია, რადგან სოციალურმა სააგენტომ ამ მიმართულებით ფუნქცია დაკარგა.