ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოცმუშაკების გათავისუფლება მიუღებელია – NGO-ები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები სოციალური მუშაკების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„ხელმომწერი ორგანიზაციებისთვის მიუღებელია, რეორგანიზაციის საბაბით და ბუნდოვანი დასაბუთებით, კვალიფიციური სოციალური მუშაკების თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბევრი გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება მეტი კვალიფიციური კადრი.” – ნათქვამია განცხადებაში.

2020 წლის 29 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოს 40-მდე სოციალურმა მუშაკმა (მათ შორის უფროსმა სოციალურმა მუშაკებმა) დამსაქმებლისგან მიიღეს შეტყობინება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან უწყდებოდათ შრომითი ხელშეკრულება.

განცხადებაში ნთქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის დროს ტეფიკინგის სააგენტომ, რომლის განკარგვაშიც გადადის სოციალური სამსახური, საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სოციალური მომსახურების სააგენტოში შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

“სოციალური მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლისთვის უნდა უზრუნველეყო 50 სოციალური მუშაკის დამატება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახალი კადრების დამატება თავისთავად გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, სოციალური მუშაკის სამუშაოს გადატვირთულობის და შრომის დაბალი სტანდარტების გამო.

ამ ყველაფრის ფონზე კიდევ უფრო გაუგებარი ხდება, რატომ დაითხოვეს სამსახურიდან 40-მდე კვალიფიციური და გამოცდილი სოციალური მუშაკი. ასევე, გაურკვეველია რა კრიტერიუმით მოხდა ადამიანების შერჩევა და რა გახდა მათი გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები მონაწილეობას იღებდნენ სოციალური მუშაკების ზემოთნახსენებ კოლექტიურ დავაში და ნაწილი მათგანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა გაფიცვის ორგანიზებასა და საჯარო პროტესტის გამოხატვაში, რაც აჩენს ეჭვს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები სწორედ პროტესტის გამო დაისაჯენ.”  – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ხელმომწერი ორგანიზაციები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ შემდეგ მოთხოვნებს აყენებენ.

  • დაასაბუთოს რეორგანიზაციის დროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკების თანამდეობობიდან გათავისუფლების საჭიროება და განმარტოს გათავისუფლების კრიტერიუმები;
  • უზრუნველყოს რეორგანიზაციის პროცესის გამჭირვალობა და მასში სოციალური მუშაკებისა და პროფესიული კავშირების ჩართულობა;
  • რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს 2019 წლის 11 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად და სოციალურ მუშაკთა დანიშვნა სააგენტოში მოხდეს უკონკურსოდ.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით დაგეგმოს ამ სფეროს რეფორმისთვის საჭირო ნაბიჯები, მათ შორის ახალი სერვისების შექმნის მიმართულებით.

განცხადებას ხელს აწერენ – დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „სოლიდარობის ქსელი“; დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „ერთობა 2013“; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაფონდი ღია საზოგადოება საქართველო;