რა პასუხი აქვს თსუ-ს სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელებას მოითხოვენ

პუბლიკა

ხვალ თსუ-ის სტუდენტები 2 მაისიდან სწავლის ჰიბრიდული რეჟიმით გაგრძელების მოთხოვნით აქციას გამართავენ.

როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, ეს არის მშვიდობიანი აქცია, სადაც თსუ-ის სტუდენტები 2 მაისიდან სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებას გააპროტესტებენ. სტუდენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო სემესტრის ბოლომდე, მხოლოდ 2 თვით თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა და ბინის ქირაობა სტუდენტთა ნაწილისთვის პრობლემურია. ამიტომ ისინი მოითხოვენ მიმდინარე სემესტრში სწავლა კვლავ ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდეს, სექტემბრიდან კი განახლდეს სრულად სააუდიტორიო სწავლება.

„პუბლიკა თსუ-ს დაუკავშირდა, იმის გასარკვევად თუ რა მიზეზებითაა განპირობებული 2 მაისიდან სწავლის სრულად სააუდიტორიო რეჟიმში განახლება და რა განმარტება აქვთ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ხვალ პროტესტის გამოხატვის მიზნით უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აქციას აანონსებენ. 

უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 7 მარტიდან ჰიბრიდული ფორმატით განახლდა. თუმცა, სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა.

თსუ-ში განმარტავენ, რომ 2 მაისიდან სრულად სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს მიეწოდათ 18 თებერვალს. შესაბამისად, 2 თვეზე მეტი დრო მიეცათ სტუდენტებს  სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებლად.

„აქ გათვალისწინებული იყო არამხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, ასევე ის ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, რომლებიც თან ახლდა სტუდენტების, პროფესურის გადაწყობას სააუდიტორიო ფორმატზე ორწლიანი პაუზის შემდეგ. ეს პერიოდი რეალურად არის დრო ახალ გარემოებასთან ადაპტირებისთვის.

გამონაკლისი შეიძლება შეეხოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, რომელთაც ექმნებათ გადაადგილების ფიზიკური საფრთხე. მათ საკითხზე იმსჯელებენ ფაკულტეტები, თუ რა რესურსით შეიძლება მათი საკითხის მოგვარება და მხარდაჭერა.

ბოლო დღეებში ძალიან ხშირად ისმის კითხვა – რატომ უნდა ჩამოვიდეს სტუდენტი რეგიონიდან 1-1.5 თვით და იქირაოს ბინა? რეალურად საუბარია 2 მაისიდან 27 ივლისამდე, სამთვიან პერიოდზე, როდესაც სრულ რეჟიმში უნდა აღდგეს სასწავლო და საგამოცდო პროცესი.  სააუდიტორიო სწავლების დაწყების თარიღის სექტემბერში გადატანაც დაკავშირებული იქნება სირთულეებთან, რადგან წინასწარ პროგნოზის გაკეთება, თუ როდის დასრულდება ომი უკრაინაში ან უკეთესობისკენ  თუ შეიცვლება ეკონომიკური მდგომარეობა, რთულია. ამ ეტაპზე მთელ მსოფლიოში სახეზეა ეკონომიკის შემცირების ტენდენცია, მიმდინარეობს ინფლაციური პროცესები“, – აცხადებენ თსუ-ში.

უნივერსიტეტიდან „პუბლიკისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში საერთო საცხოვრებელთან, სასწავლო პროცესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტებს  შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, ასევე  ფაკულტეტების წარმომადგენლები. რექტორთან გამართულ ბოლო შეხვედრას სტუდენტებთან ერთად, მათივე თხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ წარმომადგენელი ესწრებოდა. ყველაზე მწვავედ გამოიყო რეგიონებში მცხოვრები სტუდენტების საკითხი, რადგან ქვეყანაში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებისა და ლტოლვილების გამო გაზრდილი ბინის ქირა მათთვის ხელმისაწვდომი არაა.

„შეხვედრაზე თსუ კანცლერმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დაწყებულია რეგისტრაციის პროცესი თსუ საერთო საცხოვრებელში ლისის ტბაზე და ბაგებში, სადაც 65 თავისუფალი ადგილია ამ ეტაპზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ლისის საერთო საცხოვრებელში კიდევ ერთი კორპუსის აღჭურვაზე, რაც დამატებით 85-მდე სტუდენტის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს რომ 150-მდე სტუდენტის საცხოვრებლის საკითხი დადებითად გადაწყდება.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შედგა შეთანხმება, რომ სტუდენტების ჯგუფი, პროგრესის ცენტრის წარმომადგენლის მონაწილეობით, ჩაერთვება  სოციალურად დაუცველი სტუდენტების შესახებ მონაცემების დაზუსტებაში, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ საერთო საცხოვრებლით სარგებლობა. ასევე შეთანხმდნენ, რომ გადაიხედება კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხდება  სტუდენტური საერთო საცხოვრებლით დაკმაყოფილება და უპირატესობა სწორედ სოციალურად დაუცველ და ფინანსური შესაძლებლობის არმქონე სტუდენტებს მიენიჭებათ. მეორე ეტაპზე, სტუდენტებს ლისზე  ახალ კორპუსში შეასახლებენ. თუკი ეს ძალისხმევაც საკმარისი არ იქნება, რექტორმა წამოაყენა ინიციატივა, რომ უნივერსიტეტელებმა და ბიზნესის სექტორმა აღმოუჩინონ სტუდენტებს დახმარება, რაშიც თავადაც ჩაერთვება, როგორც თსუ კურსდამთავრებული“, – ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

აქციის ორგანიზატორი სტუდენტები ამბობენ, რომ თსუ-ის 24 000 სტუდენტიდან 9 600 რეგიონიდანაა. 4 300 სტუდენტი აქტიურადაა ჩართული ამ წამოწყებაში. პეტიციაზე კი 5 000 ხელმომწერმა გამოხატა მხარდაჭერა. სტუდენტებმა აღნიშნული მოთხოვნით განცხადება განათლების სამინისტროშიც შეიტანეს, აპირებენ მიმართონ პრემიერ-მინისტრსაც.