რა პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით

პუბლიკა

დაუჭერს თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობა“ ლევან იოსელიანის კანდიდატურას ობუდსმენის პოსტზე, ამასთან დაკავშირებით ფრაქციას საერთო პოზიცია, ჯერჯერობით, არ აქვს.

ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ის იოსელიანს მხარს არ დაუჭერს. მისი პოზიციით, იოსელიანის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თამაშია, მაშველი რგოლი ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებისთვის.

„თქვენ გახსოვთ, რა გავიარეთ, რა პროცესი იყო და როგორ დაბლოკა „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატები მხოლოდ იმის გამო, რომ მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელი იყო. მე ეჭვი მეპარება, რომ მასზე გავლენის მოხდენა იყოს შეუძლებელი „ქართული ოცნებისთვის“, საზოგადოებას ახსოვს პოლიტიკური პოზიციები ლევან იოსელიანის და მისი პოლიტიკური პარტიის“, – განაცხადა წითლიძემ.

ენმ-ის ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, შესრულდეს ევროკომისიის 12 პუნქტი, მათგან ერთ-ერთი კი არის სახალხო დამცველი.

„ფრაქციაში არ გვიმსჯელია ჯერ. ვინაიდან ვარ ფრაქციის წევრი, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, საერთო პოზიცია იყოს, თუმცა მე ჩემი ინდივიდუალური პოზიცია მაქვს რასაც ვფიქრობ, მაგრამ რა არის მნიშვნელოვანი: მნიშვნელოვანია, საქართველომ შეასრულოს 12 პუნქტი. ამ 12 პუნქტის შესასრულებლად არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი – სახალხო დამცველი“, – თქვა მან.