სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზად, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით, პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკება და დიალოგი მიიჩნია.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ოპოზიცია რადიკალურ („მელია და მისი შპანა“) ოპოზიციად და იმ პარტიებად დაყო, რომლებმაც პროტესტის მშვიდობიანი ფორმა შეინარჩუნეს და მათ მოუწოდა, „დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ რეჟიმს და მოემზადონ მეორე ტურისთვის“.
კალაძის განცხადებას მალევე მოჰყვა იზოლაციაში მყოფი პრემიერ-მინისტრის განცხადებაც: „ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მოლაპარაკებაში ჩართვის მზაობა გამოთქვა ცესკომაც: „საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
ამ განცხადებებთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები გამოთქვეს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მისი პარტია მიიჩნევს, რომ ასეთი კრიზისის დროს დიალოგი საჭიროა, ოღონდ იმ თემაზე, რამაც კრიზისი გამოიწვია. მისი თქმით, კრიზისი გამოიწვია „ივანიშვილის რეჟიმის სამარცხვინო მმართველობამ და, კერძოდ, ამ არჩევნების სამარცხვინოდ ჩატარებამ“.
„კრიზისის განმუხტვა სხვა რამით ვერ მოხდება, თუ არა ამ არჩევნებისა და ამ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებით, იქნება ეს ცესკო, სხვა უკანონო ძალადობრივი მეთოდები, პოლიტპატიმრები, ეს ყველაფერი არის ამ ქოლგის ქვეშ. ამ არჩევნების სამარცხვინოდ შექმნილი შედეგების გაუქმება და ხელახალი არჩევნები – ეს არის ის საკითხი, რომელიც აერთიანებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს და ბუნებრივია ოპოზიციასაც და დიალოგის არათუ წინააღმდეგი არ ვართ, ასეთი კრიზისების განმუხტვა ჯობია დიალოგით მოხდეს ყოველთვის,“ – აცხადებს გიგა ბოკერია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „რუსთავი 2-თან“ ამბობს, რომ დიალოგს მაშინ დასთანხმდება, თუ ხელისუფლებას კონკრეტული წინადადებები ექნება, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს, თავისუფალ საარჩევნო ადმინისტრაციასა და თამარ ჟვანიას გადადგომას.
„თუ რაიმე კონკრეტული წინადადებები აქვს ხელისუფლებას, რაც ეხება ახალ არჩევნებს, საარჩევნო პროცესის თავისუფალ ადმინისტრაციას, თამარ ჟვანიას გადადგომას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები მოისმენენ. თუ არაფერი და კიდევ საუბრობენ მოლაპარაკებაზე და მეორე ხელით დაგვიშინეს წყლის ჭავლი, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახის კომუნიკაციას აპირებენ მოქალაქეებთან”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალექსანდრე ელისაშვილიც იზიარებს დეკანოიძისა და ბოკერიას პოზიციას და „ტელეკომპანია პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჟვანიას გადაყენებისა და არჩევნების გაყალბების აღიარების შემდეგ იფიქრებენ მოლაპარაკებებზე.
„დიალოგისთვის მზად ვართ, კი ბატონო, დავილაპარაკოთ, მაგრამ აღიარონ, რომ არჩევნები გააყალბეს. რაზე დავილაპარაკოთ, ახალი წლის სამზადისზე? უნდა ვილაპარაკოთ, რომ არჩევნები მოიპარეს და დაიწერეს ის, რაც თვითონ უნდოდათ. ეს აღიარონ და დანარჩენზე ვილაპარაკოთ. გვჭირდება ახალი არჩევნები, გვჭირდება ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და წესებზე უნდა შევთანხმდეთ, როგორ ტარდება არჩევნები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თამარ ჟვანიას გადააყენებენ, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე დასანიშნი პირი და ადმინისტრაცია შეთანხმებული უნდა იყოს.
„ლეიბორისტების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ამბობს, რომ ვითარების განმუხტვის ერთადერთი საშუალება მოლაპარაკებაა, სადაც განიხილება ერთი საკითხი – რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. ის „ქართულ ოცნებას“ მიმართავს:
„როგორც ჩვენ გვაიძულეს, ბატონო კახი, თქვენ, ბიძინამ და სხვებმა თქვენი მოქმედებებით, დავმსხდარიყავით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი არ გვქონდა, ახლა თქვენც მოგიწევთ დასხდეთ ენმ-სთან ერთად, სხვა პარტიებთან ერთად, მიუხედავად იმისა, ამის სურვილი გაქვთ თუ არა“, – მიმართა ბურჯანაძემ მმართველ გუნდს.
პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიაც საუბრობს მოლაპარაკების აუცილებლობაზე, თუმცა მას მიაჩნია, რომ რამე წინაპირობა ამ პროცესს ძაბავს.
„ერთმანეთს უნდა დაველაპარაკოთ, თუ პირდაპირი საუბარი არ შეგვიძლია, ჩვენი მეგობრების მეშვეობით. რაც შეეხება პირობებს, მე არ ვიქნებოდი წინაპირობების დაყენების მომხრე. მოდით, დავჯდეთ და დავილაპარაკოთ წინაპირობების გარეშე. თუ რამე გამოჩნდა და გამოჩნდა, იქ დესტრუქცია ხდება ვინმეს მიერ, მერე აღმოვფხრათ, ვიდრე თავიდანვე წინაპირობებით ვილაპარაკოთ, რომელიც მოლაპარაკების პროცესს ძაბავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
დღის ბოლოს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით „ლელოს” ოფისსში შეიკრიბნენ.