ქუჩაში პროცესის გადატანის მცდელობა სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე უნდა გადმოვიტანოთ – პრემიერი

პუბლიკა

„ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

„მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

************

გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდეს, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.

8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე და მანდატებზე უარი თქვეს. შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. მათი მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათვაისუფლება.