რა პრობლემაა სკოლაში 7 მეეზოვე ან 5 დამლაგებელი. მეტ კვალიფიკაციას შეიძენენ - მინისტრი

პუბლიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს.

პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატის, ბექა ლილუაშვილის შეკითხვაზე,  საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის რომელ ეფექტიანობაზეა საუბრი, როდესაც ზოგიერთ სკოლაში 7 მეეზოვეს და 5 დამლაგებელს ამატებენ, აზარაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული მიმართულებით პრობლემას ვერ ხედავს.

„არ ვიცი, აქ რა პრობლემაა, სკოლის შენობის ეზოს ტერიტორიის დასუფთავებას, რომ 7 მეეზოვე აკეთებდეს, რა პრობლემაა? ან რა პრობლემაა, 5 დამლაგებელი ალაგებდეს სკოლას, რა პრობლემაა? ამ შემთხვევაში დამატებით 5 დამლაგებელი და 7 მეეზოვე ყოველდღე გამოდის სახლიდან და ადამიანებთან უფრო მეტი კონტაქტი აქვთ, უფრო მეტ კვალიფიკაციას და გამოცდილებას შეიძენენ და შემდეგ შეიძლება სხვაგან დასაქმდნენ“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრი ამბობს, რომ ამ დროისთვის საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმებულ სოციალურად დაუცველ 100-ზე მეტ ადამიანს შეუწყდა კონტრაქტი.

მისი განმარტებით, თუ სოციალურად დაუცველი ადამიანი არ დადის  სამსახურში და ხელფასს მაინც იღებს, ამასთან დაკავშირებით დასაქმების სააგენტოში არსებობს სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ადგილზე შერჩევით დადიან და ამოწმებენ.

„ასევე გავზარდეთ შრომის ინსპექციის უფლებამოსილება, ამ ყველაფერს აკონტროლებს. თუ სადმე ასეთი შემთხვევა იქნება, ოპერატიული რეაგირება იქნება და თუ არ მუშაობენ, 300-ლარიან ხელფასს არ მიიღებენ. 100-ზე მეტ ადამიანს უკვე შეუწყდა კონტრაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო, ზოგ შემთხვევაში მიზეზი იყო ის, რომ სამსახურში თავიდან ცხადდებოდნენ და შემდეგ აღარ. აქედან გამომდინარე, დასაქმების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდნენ და ამ 300-ლარიან ხელფას ვუწყვეტთ“, – აცხადებს აზარაშვილი.

მინისტრი ამბობს, რომ 20 სექტემბრის  მდგომარეობით,  საზოგადოებრივ სამუშაოებზე,  23 000-ზე მეტი  სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. პროგრამა მიმდინარე წლის 1 მარტიდან ამოქმედდა.

******

14 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამაზე საუბრისას განმარტა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს სოციალური შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ და შესრულებული სამუშაოსთვის, დასაქმების შემთხვევაში, ყოველთვიურად 300 ლარს მიიღებენ. პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

მისივე თქმით, სამუშაო ადგილების მობილიზება მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროებს დაევალათ. ღარიბაშვილის შეფასებით, აღნიშნული პროექტი დასაქმების პრობლემის მოგვარების გზაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.