რა რეკომენდაციები აქვს IRI-ის არჩევნების II ტურების ხარისხის გაზრდისათვის

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არჩევნები შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს დაცვით, ძირითადად, მშვიდ გარემოში ჩატარდა. თუმცა, პროცედურული კუთხით, შედეგების შეჯამების გაუმართავმა სისტემამ, რაც შესაძლო მანიპულაციის ეჭვს აჩენდა, კიდევ უფრო შეასუსტა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (განსაკუთრებით ქვედა დონეებზე) დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი.

აქვე ნათქვამია, რომ 21 ნოემბერს ჩანიშნულ მეორე ტურამდე კიდევ არის დრო იმისთვის, რომ გამოსწორდეს სანდო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღმოჩენილი დარღვევები. საერთაშორისო მხარდაჭერისა და საარჩევნო პროცესების შემდგომი განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ აქტორებს, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და არჩევნების მეორე ტურების ხარისხის გაზრდის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს შემდეგ რეკომენდაციებს:

  • არსებული პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან და მოუწოდონ საკუთარ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, პროვოკაციებისა და ზეწოლისგან. მხარეები უნდა ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში.

  • საარჩევნო დავების განხილვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა – განსაკუთრებით იმ დავებზე, რომლებიც ეხება არჩევნების შედეგების გადათვლასა და გაუქმებას – სწრაფად უნდა განიხილონ საჩივრები. იმ უბნებზე, სადაც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. გრძელვადიან პერსპექტივაში, აუცილებელია, შემუშავდეს საარჩევნო დავების განხილვის ეფექტური მაკონტროლებელი მექანიზმი, რათა უზრუნველყოფილი იქნას არჩევნებთან დაკავშირებული დავების მეტად დროული, ეფექტური და გამჭვირვალე გადაწყვეტა.

  •  სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და დროული რეაგირება მოახდინონ ამომრჩეველთა ზეწოლისა და ძალადობის ფაქტებზე; ასევე, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების მისამართით ჩადენილ დანაშაულებზე;

  •  არჩევნების შედეგების საზოგადოების მხრიდან მიმღებლობისა და საქართველოს ამომრჩევლის ნების ნამდვილი გამოხატვის უზრუნველსაყოფად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას ნაბიჯები შედეგების შეჯამების პროცესის გასაუმჯობესებლად. ეს პროცესი უნდა მოიცავდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფართომასშტაბიან გადამზადებას; ასევე, ცვლილებების დამატებას საარჩევნო კანონმდებლობაში, შედეგების გადამოწმების ალტერნატიული მექანიზმის შემუშავების მიზნით, რომლებიც თანხვედრაში იქნება დემოკრატიულ ნორმებსა და პრაქტიკასთან; გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს პარლამენტმა, საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა რგოლებსა და შედეგების შეჯამების პროცესში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, სიღრმისეული რეფორმები უნდა გაატაროს.

  • იმისათვის, რომ დაცული იყოს ყველა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი დამკვირვებლის უფლებები და მათ ხელი არ შეეშალოთ საქმიანობის განხორციელებაში, საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, განსაკუთრებით, საჩივრების რეგისტრაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა, მხედველობაში უნდა მიიღონ საქართველოს სახალხო დამცველის მოწოდება. გარდა ამისა, უნდა გამოირიცხოს სადამკვირვებლო მისიების დაშინების ფაქტები.

  • კოვიდ-19-ის პანდემიის გათვალისწინებით, თითოეული ამომრჩევლის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკურმა აქტორებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებმა უნდა განაგრძონ მოსახლეობის ინფორმირება ხმის მიცემის პროცედურებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და სანიტარიული რეგულაციების შესახებ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და მათმა მხარდამჭერებმა ზედმიწევნით უნდა დაიცვან არსებული პროტოკოლი როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში.

  • პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ პროვოკაციული რიტორიკისგან და შეიმუშაონ კომუნიკაციის ისეთი სტრატეგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ქართულ საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის შემცირებას. მხარეები უნდა მიესალმებოდნენ კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის შესაძლებლობას და ყურადღება უნდა გაამახვილონ საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების, მარგინალიზირებული და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების წინაშე არსებული პრობლემების განხილვაზე.