რა რეკომენდაციები ეძლევათ დამსაქმებლებს კორონავირუსთან დაკავშირებით

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს კორონავირუსთან დაკავშირებით ზოგად რეკომენდაციებს, რომლებიც მიესადაგება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დამსაქმებლებმა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ სპეციალური ზომები, უნდა შეიმუშაონ ინფექციური დაავადებებისთვის მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა, რომელიც COVID-19-გან დაცვის ღონისძიებების წარმართვაში დაეხმარება მათ. ამ გეგმის შედგენისას კი მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სახელმძღვანელო მითითებების გამოყენება და რეკომენდაციების შესრულების გზების განსაზღვრა.

რეკომენდაციის მიხედვით, პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);
  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);
  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დოკუმენტის მიხედვით, ყველა დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს ჰიგიენისა და ინფექციის კონტროლის სათანადო პრაქტიკის განხორციელება, მათ შორის:

– ხელების ხშირი და გულდასმით დაბანის ხელშეწყობა;

– ხელის დასაბანი ადგილის გამოყოფა თანამშრომლებისა და მესამე პირებისთვის;

– ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნას სულ მცირე 70 % ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;

– თანამშრომელთა წახალისება, დარჩნენ სახლში ავად ყოფნის შემთხვევაში;

– რესპირატორული ეტიკეტის დაცვის წახალისება, მათ შორის ხველის დაცემინების დროს ცხვირის და პირის დაფარვა;

– ერთჯერადი ხელსახოცებისა და ნაგვის ყუთების უზრუნველყოფა მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის;

დოკუმენტის მიხედვით, დამსაქმებლებმა უნდა შეიმუშაონ იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები და/ან სიმპტომები აქვთ და ტრენინგები უნდა ჩაუტარონ თანამშრომლებს მათ განხორციელებაში.

დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ სამუშაო ადგილზე მოქნილი სამუშაო რეჟიმის შემუშავება და დაცვა, მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ავადმყოფობის გამო შვებულების პოლიტიკის მოქნილობა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მითითებებთან მისი შესაბამისობა.

ობიექტზე არსებულ კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაავადებული თანამშრომლების სახლში დარჩენა და მათთვის წამახალისებელი, პოლიტიკის, შვებულების აღების, როტაციული გრაფიკის ან/და დისტანციურად შესასრულებელი სამუშაოს შესახებ ღონისძიებები.

დამსაქმებლებმა შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიმუშაონ მოქნილი პოლიტიკა, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, დარჩნენ სახლში და იზრუნონ ოჯახის წევრებზე.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.