რა რისკებია სიძულვილის ენის კანონით რეგულირების მოთხოვნის მიღმა

პუბლიკა

გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედის ფაქტორში“ „ტვ პირველის“ მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ საუბრისას მიწვეული სტუმრების მხრიდან არაერთხელ გაიჟღერა „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის აუცილებლობამ.

კერძოდ, საუბარია საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც სიძულვილის ენის, ომის პროპაგანდისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვას ითვალისწინებს. საკანონმდებლო წინადადების განხილვა პარლამენტში ამჟამად შეჩერებულია. გადაცემაში არაერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ აუცილებელია, საკანონმდებლო წინადადების განხილვა სასწრაფოდ განახლდეს და კანონის სახე მიიღოს. იმ მოტივით, რომ მედია ტერორისგან სიძულვილის ენისგან, უხამსობისა და .. დაცვა ეფექტიანად მხოლოდ კანონმდებლობით დარეგულირების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული. ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც, ფაქტობრივად, სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 2018 წლის დეკემბერში შეიტანეს. 2019 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით 2019 წლის 01 ივლისამდე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნულის საფუძვლად კი საქართველოს მხრიდან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება იყო მითითებული. საკანონმდებლო ინიციატივას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. 2020 წლიდან დღემდე პარლამენტში აღნიშნული პროექტის განხილვა არ განახლებულა.

ინიციატივა უკან არ გაუწვევიათ და შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაიწყოს პროექტის განხილვა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის, მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, როდესაც (გუშინდელი ეთერის მსგავსად) ისმის მოწოდება, რომ პროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს და კანონის სახე მიიღოს, რა თქმა უნდა, არსებობს მეტი რისკი, რომ ხელისუფლებამ მოწოდებები პროექტის განხილვის განახლებისთვის გამოიყენოს.  

გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი მედიისთვის რისკის შემცველია და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აძლევს შესაძლებლობას, განიხილოს მაუწყებლის მიერ მომზადებული მასალის შინაარსი.

სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში არ ხდება. თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდისა თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი მექანიზმები (მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ) – სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლები, – გოგოსაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არსებული რეგულაციები იძლევა შესაძლებლობას, რომ რეალური, აშკარა და მყისიერი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, საკითხს სისხლის სამართლის კოდექსი არეგულირებს და შესაძლებელია, შესაბამისი პირების საკითხი დადგეს. ამიტომ, გოგოსაშვილის განმარტებით, არ ჩანს საჭიროება, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ჩაერიოს მაუწყებლის შინაარსში და მაუწყებლის პასუხისმგებლობა დააყენოს.

მისივე განმარტებით, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანია ევროდირექტივიდან გამომდინარე, მაგრამ არა იმ წესებით, როგორიც შეთავაზებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან. გოგოსაშვილი განმარტავს, რომ დირექტივა წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, თავად აირჩიონ, საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულირების თუ მაუწყებლის თვითრეგულირების ფარგლებში.

ჩემი აზრით უფრო სწორი იქნებოდა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვენახა კომისიის მუშაობა თვითრეგულირების გაძლიერებისკენ. რეალურად, თუ რაღაც პრობლემა არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავიწყოთ უფრო რბილი საშუალებებით და თუ ეს არ იმუშავებს, შემდგომში გადავიდეთ რეგულირებაზე. კომისიას ეს მუშაობა ამ ორი წლის განმავლობაში არ დაუწყია და როდესაც გვესმის, რომ ევროდირექტივა გვავალებს  ამ კანონის მიღებას, ეს არ არის სწორი.

ევროდირექტივაში არის შემოთავაზებული, რომ მთავარია, სიძულვილის ენის საკითხი გადაწყდეს ეს არჩევანი გაკეთდება თვითრეგულირების ფარგლებში, რეგულირების ფარგლებსა თუ  ერთობლივი რეგულირების ფარგლებში. კომისია ამბობს, რომ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება მოიცავს ერთობლივ რეგულირებას , მაგრამ აბსოლუტურად არასწორია ეს მიდგომა, რადგან ერთობლივი რეგულირება არ ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, თვითრეგულირების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდეს კომისიაში, რეალურად კომისია იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, განმარტავს გოგოსაშვილი.