„რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის“ – მინისტრმა ღარიბაშვილის განცხადება განმარტა

პუბლიკა

„რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ორი ვაქცინაცია გაკეთებული და ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციის ყველა კამპანიაში, სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზემოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიამ მას პრემიერ-მინისტრის განცხადების განმარტება სთხოვა.

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა იგულისხმა პრემიერმა თავის განცხადებაში:

„ომიკრონის შემთხვევაში, რადგან ეს ისეთი შტამია და გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომელიც ახალ შტამთან დაკავშირებით გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო, თორემ „ომიკრონთან“ დაკავშირებით, როგორც იცით,  „ფაიზერმა“ შექმნა ახალი ვაქცინა და მარტში გვექნება, რომელიც კონკრეტულად ამ მეექვსე შტამზე, „ომიკრონზე„ მუშაობს და აქედან გამომდინარე, იყო მისი ეს კომენტარი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


„დაავადებათა კონტროლის ერვონული ცენტრის“ მოწოდებით, აცრა იცავს დაავადებას გართულებისგან, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს ამცირებს, აზღვევს რეანიმაციისგან და იცავს, რომ არ დადგეს ლეტალური შედეგი.

არავაქცინირებული პირები მნიშვნელოვნად მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

NCDC-ის ცნობით:

  • დადასტურებულ შემთხვევათა 88.7 % არ იყო ვაქცინირებული;
  • ჰოსპიტალიზირებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
  • კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
  • გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული;