რა შემთხვევაში დათანხმდება „ოცნება" „ნაციონალურ მოძრაობასთან" შერიგებას - ირაკლი კობახიძე

პუბლიკა

„შერიგებას პოლიტიკაში თავისი წინაპირობები აქვს”. – ამბობს ირაკლი კობახიძე და იმ პირობებს ჩამოთვლის, რაც შერიგებისთვის საჭიროდ მიაჩნია:

„ამის წინაპირობა არის სინანული და მონანიება, საუბარია ჩადენილი დანაშაულებების სინანულზე და ამ დანაშაულებების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება, იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან.

ჩამოთვალონ ეს დანაშაულებები, მერე თქვან რომ ინანიებენ და მერე თქვან, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენ პოლიტიკოსებს და პარტიას არ ეკუთვნით პოლიტიკაში დარჩენა. როგორც კი იტყვიან ამას, შევრიგდებით”. – ამბობს კობახიძე.

ორი დღის წინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებდნენ. აქციის გამომსვლელები თავიანთ მიმართვებში ამბობდნენ, რომ ეროვნული შერიგებისთვის პოლიტიკური ამნისტია მნიშვნელოვანია.

ეს იდეა მნიშვნელოვნად თუმცა განუხორციელებლად მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას – „ამას ის არასოდეს გააკეთებს. ნებისმიერი თავისუფალი ადამიანი, ქუჩაში მოსიარულეც კი მათთვის საფრთხეა. კი, ვისაუბრებთ, მაგრამ მგონია რომ ყრუ კედელია. ამ ყველაფრის მიმართ ვხედავ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურს აინტერესებს, რომ აქ სამოქალაქო დაპირისპირება გაღვივდეს.

მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს ჩემთვის ეს ინიციატივა. ბატონი ლილუაშვილი და გომელაური არ წამოვა ამ აქტზე ხელმოსაწერად. ეს თავშივე განწირულია“, – განაცხადა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში.