რა შესაძლო შეზღუდვების შესახებ იმსჯელა მთავრობამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებთან

პუბლიკა

დღეს  მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილეს რესტორნებისთვის შაბათ-კვირას შეზღუდვის დაწესება და სხვა დღეებში სამუშაო საათების კიდევ უფრო შემცირება.

„აქ იყო საუბარი იმ შეზღუდვაზე, რაც გამოყენებულია, მაგალითად, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში,-  შაბათ-კვირას შეზღუდვა მუშაობის ან 22 საათიდან, კომენდანტის საათი, რომელიც დღეს 22:00 საათზეა, გადაიწიოს კიდევ უფრო რამდენიმე საათით. აქ რესტორნების სფეროზე არის საუბარი და არა კომენდანტის საათზე, რომ სოციალური თავშეყრის ადგილები რაც შეიძლება ნაკლები იყოს და არ იყოს ეს დღის განმავლობაში ხშირი, ამაზეა საუბარი და მსჯელობა.

მაგრამ ჩვენი მხრიდან, სფეროს მხრიდან, მე მინდა ნათლად ვთქვა, რომ ეს შეზღუდვა  იმდენად არის უკვე წითელ ხაზს გადაცილებული, რომ ბევრი რესტორანი წაგებაზე მუშაობს, რადგან უფრო მეტი გადასახადი ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ არ იმუშავებენ, იჯარა იქნება ეს თუ საბანკო ვალდებულებები, თუ თავისი სურვილით დაკეტავს რესტორანს, ზოგიერთი ამ მინუსზე მუშაობს და კმაყოფილია”, –  განაცხადა ბურჯანაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვირუსის გავრცელების შენელების მხრივ გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

„ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით. საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა, რომ ვირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის ფონზე გამოწვევებია სექტორში წესების დაცვის კუთხითაც. შესაძლო დამატებით წერტილოვან შეზღუდვებზე მსჯელობისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული „ლოქდაუნი“ არ იგეგმება, რადგან სწორედ სამუშაო ადგილების შენარჩუნება ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.