რა შეზღუდვები მოიხსნა და რომელი იმოქმედებს 23 მაისიდან - ჩიქოვანის ბრიფინგი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 23 მაისიდან რომელი სავალდებულო შეზღუდვები შედის ძალაში.

„23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება, მათ შორის, სავაჭრო ობიექტებში. ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.

კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში და საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფლები – მუშევანი და გეტა, სადაც მიმდინარეობს აქტიური პრევენციული ღონისძიებები. საკარანტინო ზონად რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

უქმდება 3-კაციანი შეზღუდვა ავტომობილებში და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ ტაქსის მომსახურების დროს; ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე.

უქმდება  შეზღუდვა სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის. ვინაიდან ეს ადამიანები წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს, რეკომენდაციით მივმართავთ მათ, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, არ გავიდნენ სახლიდან.

ქვეყანაში შეზღუდული რჩება სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი – იმ პროდუქციაზეა საუბარი, რომელიც აუცილებელია კოვიდ-19-თან ბრძოლაში.”

23 მაისის შემდეგ ძალაშია შეზღუდვები:

რესტორანში/ბარში/კაფეში ადგილზე კვებით მომსახურება;

ამ ეტაპზე სასტუმროების ფუნქციონირება შეზღუდულია, გარდა საკარანტინო ზონებისა;

ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა კვლავ შეზღუდულია, გარდა ონლაინვაჭრობისა;

შეზღუდულია მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფიუნქციონირებენ;

შეზღუდული რჩება სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებები;

აზარტული და მომგებიანი თამაშის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად;

სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;

შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით  საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე;

15 ივნისიდან მოიხსნება ყველა შეზღუდვა შიდა ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, მიიღოს პირველი საერთაშორისო ტურისტები შესაბამისი პროტოკოლების დაცვით.

ჩიქოვანის თქმით, ყველა არსებული შეზღუდვის შესახებ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს და მოხსნის გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს.

ყველა ბიზნესსუბიექტი, ვინც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს/სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების მკაცრი დაცვა საშუალებას მოგვცემს, დავუბრუნდეთ ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და ცხოვრების ჩვეულ რიტმს”, – განაცხადა ჩიქოვანმა.