პარლამენტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესების კანონპროექტი მიიღო

პუბლიკა

81 მომხრე, არცერთი წინააღდეგი – საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი. ცვლილებებით, შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.

კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტს უარყოფითად აფასებდნენ ის დეპუტატები, რომლებიც არ არიან უმრავლესობაში. მათი თქმით, კანონპროექტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საპარლამენტო კონტროლს მიღმა მთავრობას ერთპიროვნული, ავტოკრატიული გადაწყვეტილებების ბერკეტს აძლევს.

გუშინდელი სხდომის დასასრულს სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ახალი კანონპროექტით, იყოს დროებითი.

შემდეგ კი კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ამ კანონის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტით განსაზღვრული ღონისძიებების მოქმედების ვადად  15 ივლისი განისაზღვრა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, მიუხედავად ამ დათქმისა, კანონპროექტი მაინც არაკონსტიტუციურია. „კონსტიტუციური უფლებების შეღუდვასთან მაინც მივდივართ (საკუთრების შეზღუდვა, პირთა მიმოსვნის შეზღუდვა), უბრალოდ გამოსავალი ის არის და კი, დამამშვიდებელია, რომ 15 ივლისამდე იქნება ანტიკონსტიტუციური კანონი. თუ ამით გვამშვიდებთ, მაშინ კი, ეს არის დამამშვიდებელი, მაგრამ მაინც ანტიკონსტიტუციურია”.

უმრავლესობის მიღმა მყოფი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტით ისევ არაა გათვალისწინებული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესებისას პარლამენტის მიერ კონტროლის მექანიზმი.

აღნიშნული ნორმა საბოლოოდ ამ ფორმულირებით ჩამოყალიბდა და ძალაში იქნება 15 ივლისამდე:

კერძოდ, კონკრეტულ მუხლში აღნიშნული იქნება, რომ შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო დაწესებულებების, აღმასრულებელ ხელისუფლებაში შემავალი სხვა დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სხვა იურიდიული პირების საქმიანობასთან/ადმინისტრირებასთან, საჯარო სერვისების მიწოდებასთან, პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან, უკანონო მიგრაციასთან/საერთაშორისო დაცვასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან;

ინიცირებულ ვარიანტთან შედარებით, პროექტში ასევე დაემატა ჩანაწერი, რომ უფლების შეზღუდვა უნდა იყოს:

ა) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლით დაცული სიკეთეების მიღწევისკენ მიმართული;

ბ) კანონით ან/და სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული;

გ) დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი;

დ) არადისკრიმინაციული;

ე) პროპორციულად შემზღუდველი;

ვ) ისეთი, რომ შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.