როთი: დღეს ევროპის დედაქალაქი თბილისია, სადაც ათასობით ადამიანი ევროპული ღირებულებებისთვის ქუჩაშია

პუბლიკა

ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი „მთავარ არხთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ დღეს ევროპის დედაქალაქი თბილისია და საქართველო EU-ს წევრობას ახალგაზრდების გამო იმსახურებს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის არა ბრიუსელი, არა პარიზი, არა მადრიდი, არამედ თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები…

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს შანსს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არა მთავრობის გამო, არამედ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც იცავენ ევროპულ ფასეულობებს და მე სრულად ვეთანხმები კანცლერ შოლცს, რომელმაც განაცხადა, რომ ეს კანონი საქართველოს არ სჭირდება.

ჯერ გვიანი არ არის, გვიანდება, მაგრამ დრო კიდევ რჩება. მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი მთავარი გამაერთიანებელი არის საერთო ღირებულებები. ეს კანონი კი შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან. ეს მხოლოდ ჩემი ან ჩემი პარტიის მოსაზრება არ არის, ასე თვლის ევროპაში ყველა, სწორედ ამიტომ გააკრიტიკა ყველამ ეს კანონპროექტი და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ამ კანონპროექტის გაწვევას. მე იმედი მაქვს, რომ თბილისში მიიღებენ ამ გზავნილს. გვიანდება, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო”, – ამბობს ის.