მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა.
ადმინისტრაციის ცნობით, ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეფექტიანი გლობალური მმართველობის მნიშვნელობაზე.
მისი განცხადებით, „ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს“.
ყაველაშვილმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ „ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას“.
გთავაზობთ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას:
„ტექნოლოგიური პროგრესის ტემპი დღეს კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტოა. ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება ფუნდამენტურ გავლენას ახდენს გაეროს საქმიანობის სამივე საყრდენზე: მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებაზე.
ხელოვნური ინტელექტის სახით ჩვენ საქმე გვაქვს არა უბრალოდ ახალ ტექნიკურ ინსტრუმენტთან, არამედ ავტონომიურ ძალასთან, რომელსაც პირველად კაცობრიობის ისტორიაში შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, შექმნას ახალი იდეები და აწარმოოს გავლენიანი ნარატივები.
ტექნოლოგიის არასწორმა ან არაკეთილსინდისიერმა გამოყენებამ შესაძლოა რეალობის შესახებ აღქმები იმდენად გაამრუდოს, რომ გლობალური არასტაბილურობა გამოიწვიოს.
ენა და კულტურა ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია. თუ ხელოვნური ინტელექტი მათზე კონტროლს დაგვაკარგვინებს, საფრთხეს ქვეშ დადგება თავად ადამიანის რაობა და კაცობრიობის მომავალი.
ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკური ბუნება. ხელოვნური ინტელექტი თავისი არსით ცენტრალიზებული ტექნოლოგიაა. მოწინავე მოდელების შექმნა მოითხოვს კოლოსალური ფინანსური რესურსების, გამოთვლითი სიმძლავრეების და დიდი მონაცემების მობილიზაციას. ძალაუფლების ეს უპრეცედენტო კონცენტრაცია არ უნდა იქცეს ტოტალიტარული კონტროლისა და ახალი ციფრული ტირანიის იარაღად, რომელიც ხელყოფს ეროვნულ სუვერენიტეტსა და ინდივიდუალურ თავისუფლებას.
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, შევქმნათ მყარი საერთაშორისო სამართლებრივი არქიტექტურა, რომელიც დააბალანსებს კონცენტრირებულ ძალაუფლებას, თავიდან აგვაცილებს გეოპოლიტიკურ ქაოსს და უზრუნველყოფს, რომ ეს უზარმაზარი რესურსი ცალკეული სუბიექტების დომინაციის ნაცვლად, მთელი კაცობრიობის კეთილდღეობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ემსახურებოდეს.
ხელოვნური ინტელექტის მომავალი თაობების სამსახურში დაყენება და ეგზისტენციალური რისკების ეფექტიანი პრევენცია გადამწყვეტია უსაფრთხო, ინკლუზიური და მდგრადი ციფრული მომავლის ფორმირებისთვის. ჩვენი უპირველესი ამოცანაა ამ ციფრული სისტემების ადამიანურ ღირებულებათა შესაბამისობაში მოყვანა, რათა ხელოვნური ინტელექტი გახდეს ადამიანური პოტენციალის გაფართოების, ინოვაციებისა და კაცობრიობის პროგრესის კატალიზატორი.
ხელოვნური ინტელექტი უნდა იქცეს სამყაროს შემეცნებისა და უდიდესი სამეცნიერო გარღვევების ინსტრუმენტად, რომელსაც შეუძლია გარდატეხა მოახდინოს მედიცინაში, ბიოლოგიაში, კვანტურ ფიზიკაში, დაძლიოს აქამდე განუკურნებელი დაავადებები, აღმოფხვრას სიღარიბე, ეფექტიანად უპასუხოს კლიმატურ გამოწვევებს და გადაჭრას კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველაზე რთული ფილოსოფიური კითხვები.
ხელოვნური ინტელექტი უნდა იყოს ადამიანის პარტნიორი სამყაროს საიდუმლოებების შეცნობაში.
ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ საერთაშორისო თანამშრომლობა. ჩვენ უნდა შევქმნათ საფუძველი ღია, თავისუფალი, უსაფრთხო და ინკლუზიური ციფრული მომავლისთვის, რომელიც გარანტირებულად დაიცავს ადამიანის ღირსებასა და მის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორც ფიზიკურ, ისე ვირტუალურ სამყაროში.
ამ კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გაეროს გლობალური ციფრული კომპაქტის ეფექტიან რეალიზებას. მე მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა საქართველოს სახელით მონაწილეობა მივიღო ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე პირველ, ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის გლობალურ დიალოგში. დღევანდელი ფორუმი სწორედ ამ გლობალური ძალისხმევის თვალსაჩინო და იმედისმომცემი მაგალითია“.