რა თქვა ზურაბ ნოღაიდელმა „ოცნების" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი „ქართული ოცნების“ პარლამენტის  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის“ წინაშე წარდგა.

მისი შეფასებით, 2004 წელს ერგნეთის ბაზრობის დახურვა სწორი გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან ის კონტრაბანდის წყაროს წარმოადგენდა.

როგორც ზურაბ ნოღაიდელმა აღნიშნა, 2006 წელს თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებამ: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი ერთად 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში“ რუსეთთან ურთიერთობები გაამწვავა, მაგრამ მაშინ სამხედრო კონფლიქტის არიდება მოხერხდა.

ნოღაიდელის თქმით, ეს „2008-შიც უნდა მომხდარიყო“.

ვრცლად, რა თქვა ზურაბ ნოღაიდელმა სხდომაზე:

თეა წულუკიანმა, რომელიც „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი და აღნიშნული კომისიის თავმჯდომარეა, ნოღაიდელს ერგნეთის ბაზრობის შესახებ ჰკითხა – ვინაიდან ის  დიდ როლს ასრულებდა საქართველოსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დაახლოებაში, მისი გაუქმება უკეთესი აზრი იყო თუ დარღვევების აღმოფხვრა.

ნოღაიდელის განმარტებით:

„ერგნეთის ბაზრობას ჰქონდა, გარკვეულწილად, თავისი მნიშვნელობა ადამიანების დაახლოებაში რეგიონში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხვრელი იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის.

ერგნეთის ბაზრობა იყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრაბანდის წყარო. ერგნეთის ბაზრობის გაუქმება-დახურვაში მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ. სახელმწიფო ვერ შედგება, სადაც იქნება კონტრაბანდა ხელშეწყობილი, თვალდახუჭული. ეს გადაწყვეტილება, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა გადაწყვეტილება, იყო მიღებული ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში.

შეიძლება, სხვა პრობლემაა, რომ ერგნეთის ბაზრობის დახურვას არ მოჰყვა სხვა ადგილის გამოჩენა და აღმოჩენა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობის პროცესი გაგრძელებულიყო”.

მან ასევე თქვა, რომ მაშინდელი ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან, რათა საქართველოს ჰქონოდა საშუალება, „საბაჟო-გამშვები პუნქტი ყოფილიყო პირდაპირ საზღვარზე”, თუმცა, ეს არ გამოვიდა.

„ჩვენ ამის შესაძლებლობა ვერ მოვიპოვეთ. ამაზე საუბარი მიდიოდა ჩემი [ფინანსთა] მინისტრობის დროს, მერეც, მათ შორის, [რუსეთის] საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების დროს, მაგრამ ეს საკითხი არ მოგვარდა”.

თეა წულუკიანმა ზურაბ ნოღაიდელს ასევე ჰკითხა, ზოგიერთი მინისტრის ქმედებები და განცხადებები განაპირობებდა თუ არა იმას, რომ „სამშვიდობო ინიციატივების ადგილი აღარ რჩებოდა”.

„ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ შემდგომ განცხადებებს, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი, უშუალოდ 2008 წლამდე ჩვენ არ მივუყვანივართ.

მინისტრები სხვადასხვაგვარნი იყვნენ – იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მკვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მუშაობდნენ პროცესზე […]

მაგრამ 2008 წლის ომის წინაპირობა არც ერთი ეს განცხადება, ჩემი აზრით, არ ყოფილა.

2008 წლის ომის დაწყება ჩემთვის არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება“.- თქვა ნოღაიდელმა.

სხდომაზე ილაპარაკეს მაშინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 2006 წლის დასაწყისში გაკეთებულ განცხადებაზე – „მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ, ყველანი ერთად 2007 წლის 1 იანვარს, ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში”, თქვა მაშინ ოქრუაშვილმა.

ზურაბ ნოღაიდელმა მის ამ განცხადებას „არასაჭირო, „არასასარგებლო, სრულიად კონტრპროდუქტიული განცხადება“ უწოდა, რომელიც „მხოლოდ ერთი არ ყოფილა“.

„სამწუხაროდ, კიდევ ბევრი იყო კრიზისი, მაგრამ ამის მიუხედავად ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას, რაც 2008-შიც, სრულიად დარწმუნებული ვარ, უნდა მომხდარიყო”.

თეა წულუკიანი: 2006 წელს ავიცილეთ დაპირისპირება, ზღვარზე გავიარეთო

ზურაბ ნოღაიდელი: ირაკლი ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში. ჩვენ უკვე ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა მაშინ.

თეა წულუკიანი: როგორ მოხერხდა?

ზურაბ ნოღაიდელი: ჩხუბით.

თეა წულუკიანი: ვისთან იჩხუბეთ?

ზურაბ ნოღაიდელი: პრეზიდენტთან, ვისთან უნდა მეჩხუბა.

თეა წულუკიანი: რომ გადაეფიქრებინა, რაც მას ჰქონდა გეგმაში თავის თავდაცვის მინისტრთან ერთად? მაგრამ ხელი ააღებინეთ გარკვეულ გეგმებზე?

ზურაბ ნოღაიდელი: ვხედავდი, რომ მიდიოდა მოძრაობა სერიოზული დაძაბულობისკენ. მე იმიტომ კი არ ვადარებ იმ სიტუაციას 2008-სთან, რომ თავი მოვიწონო – იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ ამის თავიდან აცილება მოხერხდა.

თეა წულუკიანი: ხომ არ ჩაერია უცხო ძალა? ვთქვათ, პარტნიორები, მოკავშირეები, თუ მხოლოდ თქვენ და ბატონი მიხეილ სააკაშვილის …

ზურაბ ნოღაიდელი: მე არ მგონია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დამსახურება იყო, ვერ იქნებოდა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსური საუბრების შედეგი იყო, ჩაერივნენ თუ არა ჩვენი პარტნიორები, არ მახსოვს.

[…]

თეა წულუკიანი: სიგიჟესთან გვქონდა საქმე და ქვეყნის მხოლოდ პიარულად და მანიპულაციურად მართვასთან? თუ საქმე გვქონდა იმასთან, რომ გარედან ჰქონდა მას ზეწოლა, რომ ასე ემოქმედა? მინიმუმ ორჯერ, 2004 წელს და თქვენ თქვენით 2006 წელი – ადასტურებთ, თორემ ეს დოკუმენტურად ცნობილია, რომ აგვისტოს ომი კინაღამ მოხდა 2 წლით ადრე […].

ეს ავანტიურა იყო, სიგიჟე, გარედან დავალებებს ასრულებდა ერთი ან მრავალი ძალით თუ რასთან გვქონდა საქმე? […] თქვენ როგორ თვლით, შესაძლოა, ეს გარედან ყოფილიყო მართული და ჩვენ მარიონეტი გვყავდა პრეზიდენტად, რომელიც ქვეყნისთვის მავნებლურ გეგმას ახორციელებდა? […]

ზურაბ ნოღაიდელი: სიგიჟესთან რომ გვქონდა საქმე, ამას მგონი დამატებითი განმარტება აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი… ჩემთან ამ თემაზე… საუბარი არასდროს არ ყოფილა, რომ ჩვენ გინდა თუ არა, აქ ან სადმე სხვაგან უნდა გვეომა.

დღეს „ქართული ოცნების” პარლამენტის კომისიამ ირაკლი ოქრუაშვილიც დაიბარა, თუმცა, ის სხდომაზე არ გამოცხადდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ კომისიასთან ილაპარაკეს გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა, ასევე – საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში მიხეილ ქარელმა, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, 2008 წლის ომის დროს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და პაატა დავითაიამ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე შექმნილ პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.

კომისიამ 17 თებერვალს ასევე მოუსმინა „ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს, რომელმაც ილაპარაკა როგორც 2008 წლის ომზე, ისე ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეებზე, რომლებიც 2003-2012 წლებში საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა.