რა თქვა ზურაბიშვილმა BBC-ის ეთერში სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ არ სურს პოლარიზაციის გაღრმავების ინსტრუმენტად იქცეს, თუმცა არ სურს, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს, ამიტომ ახლოდან აკვირდება მისი ჯანმრთელობის მონიტორინგს.

ჟურნალისტი: ექიმების დამოუკიდებელმა საბჭომ, რომელმაც მიმდინარე წლის თებერვალში შეამოწმა [სააკაშვილი], აღნიშნა, რომ მას წამებისა და არასათანადო მოპყრობის, არასათანადო ჯანდაცვისა და ხანგრძლივი შიმშილის შედეგად განუვითარდა ნევროლოგიური დაავადება. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, რომ შეიწყალოთ, რატომ არ აკეთებთ ამას?

პრეზიდენტი: ეს ძალაუფლება მე არ მაქვს.

ჟურნალისტი: ბიძგი რომ მისცეთ, ეს მაინც ხომ შეგიძლიათ? თქვენ ხომ საგარეო საქმეთა მინისტრი იყავით მის ადმინისტრაციაში?

პრეზიდენტი: ძალაუფლება არ მაქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო – საქმე ჯერ არ დახურულა, სასამართლო პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საქართველოს კანონმდებლობით, შეწყალება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ეს ყველაფერი დასრულებულია.

ჟურნალისტი: ყველაფერი როდესაც დასრულდება, შეიწყალებთ?

პრეზიდენტი: ეს სხვა საკითხია, საქართველოში დეტალურად ავხსენი, თუ რატომ არ გავაკეთებდი ამას [არ შევიწყალებდი]. რადგან ეს პოლარიზაციის ძირითადი ფაქტორია, პრაქტიკულად არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომელსაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია მისი ავტოკრატიული რეჟიმი. ამიტომ არ მგონია, რომ მეტი პოლარიზაციის ინსტრუმენტი უნდა გავხდე. მაგრამ ამავე დროს ვარ სახელმწიფო მეთაური, რომელსაც არ სურს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში დაიღუპოს, ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შეუქცევადი პროცესებით იტანჯებოდეს, ამიტომ ძალიან ახლოდან ვაკვირდები ყველა სამედიცინო შემოწმებას, ასევე ველოდები საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის დასკვნას, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. საქართველოში საჯაროდ ვიმეორებდი, რომ უნდა მოხდეს მისი ექსტრადაცია (ზუსტად არ ვიცი, რა ჰქვია ამ ტერმინს), რათა შესაძლებლობა ჰქონდეს, მიიღოს დამატებითი [სამედიცინო დახმარება], ის 6 თვეა კლინიკაშია, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.