რა თქვეს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე მოწმე პოლიციელებმა

პუბლიკა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა. მოსამართლე სალიხ შაინიძეა. დღევანდელ სხდომაზე უნდა გამოიკითხონ მოწმეები და განიხილონ მტკიცებულებები.

სხდომის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ 11 იანვარს აქციაზე მზია ამაღლობელი პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას. მას ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა და პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა.

მზია ამაღლობელმა, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრება, განაცხადა, რომ მისი საქმე და  დაკავების ოქმი გაყალბებულია:

„საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. ეს იყო იმ უკანონო დაკავებებზე პროტესტის გამოხატვა, რომელიც 11 იანვარს განხორციელდა.

[…] კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები ყოფილა… ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა. ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომ ამ სიტყვებს ვიყენებდე მე, გარდა იმისა, რომ არც დახურულ სივრცეში და არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია… კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემს ადვოკატებს მოგვცემს უფლებას,  ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“,– თქვა მან.

ადვოკატები ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორც ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.

ადვოკატები აცხადებენ, რომ 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არაა. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა. ადვოკატები ხაზს უსვამენ, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.

„ციალა ქათამიძე და სხვა ადამიანები დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო. მზიამ გამოართვა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს იგივე სტიკერი და მანაც კედელზე მიაკრა. სტიკერი არ ტოვებს წარუშლელ კვალს ზედაპირზე. ის გაკვირსთანავე მარტივად ააძრო პოლიციის თანამშრომელმა. ამას მოჰყვა მზიას დაკავება.

მასთან მივიდა გრიგოლ ბესელია, რომელმაც მოჰკიდა ხელი მზია ამაღლობელს, შეუზღუდა თავისუფლება და შეიყვანა პოლიციის შენობის ეზოში. პირი დაკავებულად მიიჩნევა  იმ მომენტიდან, როცა მას თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება. პოლიცია სტიკერის გაკვრას ახსენებდა თავდაპირველ დოკუმენტებში, თუმცა მათ აღმოაჩინეს, რომ სტიკერის გაკვრის გამო პოლიციას არ აქვს დაკავების უფლება. პოლიციას დასჭირდა, მოეფიქრებინა სხვა ისეთი მუხლი, რომ მზიას უკანონო დაკავება გაემართლებინათ რამე ფორმით და მათ ჩაწერეს ოქმში 173-ე მუხლი, თითქოს მზია სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ამიტომ დააკავეს, ესაა სიცრუე და სიყალბე.

პოლიციას გამორჩა მხედველობიდან, რომ ადგილზე იყო ბევრი კამერა და შეიძლებოდა, დაფიქსირებულიყო, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს სტიკერის გაკვრის დროს, მათ ასევე გამორჩათ ისიც, რომ ოქმში  სხვა პოლიციელი დაწერეს დამკავებლად, მაგრამ კადრებია და მას აკავებს გრიგოლ ბესელია. ასევე გამორჩათ, რომ ირაკლი დგებუაძე მზიას დაკავებისთანავე განმარტავს, რომ ის დააკავეს 150-ე მუხლით და აღმოჩნდა, რომ ეს გარემოებები ჩვენთვის ხელმისაწვდომია და გავრცელდა საჯაროდაც. მათ ისღა დარჩათ, რომ გააგრძელონ ტყუილი, მაგრამ ამის დამამტკიცებელი მტკიცებულებები არ აქვთ წარმოდგენილი და იმედი აქვთ, რომ თქვენ მის სიტყვებს ენდობით.

მათ წარმოადგინეს სამი ჩანაწერი, რომელიც გადაღებულია მას შემდეგ, რაც მზია უკვე გათავისუფლებულია ადმინისტრაციული დაკავებიდან… პოლიცია ცდილობს,  ადმინისტრაციული საქმე აქციოს სისხლის სამართლის ბრალდების საქმის ნაწილად და ისინი ამიტომ განაგრძობენ ამ სიყალბეს, რომ ეს საქმე სჭირდებათ მზიას პოლიტიკური ნიშნით დასასჯელად სისხლის სამართლებრივ საქმეში“, – მიმართა სასამართლოს მზია ამაღლობელის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ.

შსს-მ მოწმის სახით გამოსაკითხად წარადგინა ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე, 1991 წელს დაბადებული გოჩა ვანაძე.

გოჩა ვანაძე ამტკიცებს, რომ მან მიიღო მზია ამაღლობელის დაკავების გადაწყვეტილება.

„2025 წლის 11 იანვარს […] აქციის წევრების ნაწილი გახდა აგრესიული და პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, გადავწყვიტეთ საპოლიციო მოქმედებები, რა დროსაც დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.

აღნიშნული დაკავების დროს ქალბატონი მზია ამაღლობელი ხელს უშლიდა პოლიციას დასაკავებელი პირების დაკავებაში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რა დროსაც მე მივიღე მისი დაკავების გადაწყვეტილება… ვინაიდან ეს იყო ის მომენტი, როდესაც მიმდინარეობდა დაკავებები და დიდ რესურსს მოითხოვდა, რამდენიმე პირი იყო დაკავებული  და ეს ეს დაკავებები გადადიოდა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში, აღნიშნულის შემდეგ რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ვნახე ადმინისტრაციული ორგანოს მიმდებარედ, სადაც იყო აქციის მონაწილეებისგან განცალკევებით, რა დროსაც მივიღე მისი დაკავების გადაწყვეტილება იმ სამართალდარღვევისთვის, წინააღმდეგობისთვის, რომელსაც პოლიციას სხვა პირების დაკავების დროს უწევდა.

უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანოს მთავარ შესასვლელთან [დავაკავე]. იმ მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია. მანამდე რამდენიმე წუთით ადრე  აქციის სხვა მონაწილეების დაკავებებზე უწევდა პოლიციას წინააღმდეგობას. ზუსტად არ მახსოვს, [ვის დაკავებაში გვიშლიდა ხელს].

სიტყვიერი შეურაცხყოფა [მდგომარეობდა] ძირითადად ერთი, ლოზუნგად ქცეული „რუსების მონები“ და ა.შ. მონები, ძაღლები და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები“, – თქვა მან.

შსს-ს იურისტს მისთვის შეკითხვები არ დაუსვამს.

ამაღლობელის ადვოკატმა ნონა ქურდოვანიძემ მოწმეს შეახსენა ცრუ ჩვენების მიცემის სამართლებრივი შედეგები და მოსამართლეს ნებართვა სთხოვა, მისთვის მზია ამაღლობელის დაკავების კადრები ეჩვენებინა, რასაც მოსამართლე დასთანხმდა.

„თქვენ აშკარად ცრუ ჩვენებას აძლევთ სასამართლოს, რაც შეიძლება, თქვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს, ამიტომ კიდევ ერთხელ რომ დაფიქრდეთ ამაზე, გვინდა, გაჩვენოთ ვიდეო და თან დაგისვათ შეკითხვა – ეს ადამიანი თქვენ ხართ?“, – მიმართა მან მოწმეს.

„შერჩევითი სამართალია, ბატონო მოსამართლე?!“, – იკითხა შსს-ს წარმომადგენელმა, როცა გააპროტესტა მოსამართლის თანხმობა ვიდეოს ჩვენებაზე. შსს-ს რეპლიკას დარბაზში სიცილი მოჰყვა

მოწმე გოჩა ვანაძე ადვოკატების მაგიდასთან მივიდა და ვიდეოს ახლოდან გაეცნო. მან აღნიშნა, რომ ვიდეოს გადაღების მომენტში იქვე დგას.

ადვოკატი: „მზია ამაღლობელს ვინც აკავებს, ეს თქვენ არ ხართ. ვინ არის ის ადამიანი, ვინც მზია ამაღლობელს აკავებს, იცნობთ მას?“

მოწმე: „ახლა მაჩვენა ვიდეო, სადაც ზურგით დგას პიროვნება და გვერდით ვდგავარ მე და რა პასუხი უნდა გავცე ამას? […] მზია ამაღლობელს შეიძლება, ბევრმა მოკიდა ხელი, მაგრამ მე უშუალოდ მოვკიდე, დავაკავე-მეთქი.“

ადვოკატი: „ჩვენ ვიკითხეთ, რომ ვიდეოზე ადამიანი, რომელიც მზია ამაღლობელს ფაქტობრივად აკავებს, თქვენ ხართ თუ არაო. ბატონმა გოჩამ თქვა, რომ ის არ არის, მაგრამ იქვეა სადღაც და მეორე შეკითხვა – ეს ადამიანი ვინაა და მისი პასუხი რა არის ამ კითხვაზე? გრიგოლ ბესელიას იცნობთ?“

ამ შეკითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტის არაერთი პროტესტი მოჰყვა.

შსს: „ჩემი მიკროფონი ჩართულია? პროტესტის აზრს მაკარგვინებთ, არ მისმენთ საერთოდ. შეიძლება გავაპროტესტო? კითხვას თუ უპასუხა, რაღად მინდა გაპროტესტება? პროტესტი მაქვს, ბატონო მოსამართლე, მტკიცებულებები ჯერ არ გამოგვიკვლევია, არ ჩანს ეს ვიდეო… ბატონო მოსამართლე, სანამ მოწმე უპასუხებს, გთხოვთ, მოისმინეთ პროტესტი და თუ არ მიიღებთ ამ პროტესტს… პროტესტი მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეგახსენოთ, თქვენ დაკავების კანონიერებას არ იხილავთ, კითხვები მიმართულია დაკავების ნაწილზე და ვიდეოსაც აყურებინეს დაკავების ნაწილზე და იქნებ დავრჩეთ იმ საქმის ფარგლებში, რაზეც ვიმყოფებით“, – აცხადებდა იურისტი.

შსს-ს წარმომადგენლის პროტესტის მიუხედავად მოსამართლემ მაინც მიუთითა მოწმეს, შეკითხვებისთვის ეპასუხა.

მოწმე: ფაქტობრივი დამკავებელი, ფაქტობრივად, ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება ამ ადამიანის დაკავების, იქ შეიძლება ვიღაცამ ხელი შეუშალა, ხელი მოჰკიდა…

მოსამართლე: მივიღოთ ეს პასუხი

ადვოკატი: თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ბატონი ბესელია დაგეხმარათ ამის აღსრულებაში?

მოწმე: ეგაა დაკავების მომენტი, ესაუბრებოდა გრიგოლ ბესელიას, რა საკითხზე, ესაა ჩემთვის უცნობი, მე როცა დავინახე, რა ფაქტზე დავაკავე, უკვე განვმარტე და არ მაქვს ვალდებულება, შევაცილო სადმე კაბინეტში. მოვკიდე ხელი, დავაკავე იქვე და გადავეცი თანამშრომლებს, რომლებმაც შეიყვანეს და განახორციელეს სხვა შესაბამისი ოქმების შედგენა. დაკავების გადაწყვეტილება იყო ჩემი, მე დავაკავე, მანდვე ჩანს“, – თქვა ვანაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააპროტესტა ყველა შეკითხვა, რომელიც დაკავების გარემოებებს და სასამართლოში საქმის წარმოებას შეეხებოდა. მისი თქმით, მოწმეს შეკითხვები მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე უნდა დაესვას, რომელიც მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნია.

დაცვის მხარეს მოწმეებად ორი პოლიციელი ჰყავდა წარმოდგენილი.

გოჩა ვანაძის შემდეგ გამოიკითხა პოლიციელი ნოდარ ზენაიშვილი.

მისი ჩვენების მიხედვით, ზენაიშვილმა მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი შეავსო.

მისი თქმით, იცის, რომ ამაღლობელი დააკავა გოჩა ვანაძემ და მას გადასცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც განუმარტა, რომ პიროვნება გოჩა ვანაძემ დააკავა.

ნოდარ ზენაიშვილი ამბობს, რომ იმ დროს შენობა არ დაუტოვებია, თუმცა გარეთ რა ხდებოდა, კამერებით და სხვადასხვა საშუალებით აკვირდებოდა.

„ბატონ გოჩას გავესაუბრე, რატომ დააკავეთ ეს ქალბატონი-მეთქი, ვკითხე. ამიხსნა, რომ ჩაიდინა სამართალდარღვევა, ასევე ხელის შეუშალა დაკავების პროცესში სხვა ოპერმუშაკებს.

სტიკერს რომ აკრავდა, მე აღვწერე ოქმში, ეს უბრალოდ გარემოებაა, დაკავების საფუძველი სტიკერი არ ყოფილა… ინფორმაცია მივიღე, ჩავაბარე ოპერატიული პატაკი.

[ჩემს სამუშაო სივრცეში] შემოიყვანა სხვა პირმა, შევხვდი მე, ვადგენდი ამ ქალბატონის […] პროცედურებს, მითხრეს, დააკავა გოჩა ვანაძემ და ინფორმაცია მოიკითხე გოჩა ვანაძესთანო. შევეკითხე, რა მოხდა და გამცა ეს პასუხი…“, – თქვა მოწმემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პირი, რომელმაც მზია ამაღლობელი შენობაში შეიყვანა, გრიგოლ ბესელია არ ყოფილა.

მესამე მოწმე იყო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი კახაბერ ბალაკვაძე, რომელმაც თქვა, რომ ფიზიკურად იქ არ იყო, სადაც შესაძლო სამართალდარღვევა მოხდა, საქმეს არ შესწრებია. ის პოლიციის შენობაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, გადაცემული მასალებიდან გაიგო, რომ მზია ამაღლობელმა პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა – უწოდა რუსეთის მონები, ღორები და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები და ასევე ხელს უშლიდა სხვა პირების დაკავებას.

„ეს მოხდა 11 იანვარს, მე შევადგინე სამართალდარღვევის ოქმი 14 თებერვალს. გავესაუბრე, ვინც იყო დამკავებელი ამ ქალბატონის, გოჩა ვანაძესთან. დამიდასტურა ფაქტი, რომ მისი მხრიდან პოლიციის წინააღმდეგობას და შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი და მივიღე გადაწყვეტილება, რომ შემედგინა ოქმი და მასალები გადმომეცა სასამართლოსთვის“, – განაცხადა მან.

პოლიციელის თქმით, ის არ გასაუბრებია მზია ამაღლობელს ან სხვა პირებს, დაეყრდნო პოლიციელთან გასაუბრებას და ვიდეოჩანაწერებსა და წერილობით მტკიცებულებებს.

„მხოლოდ ვანაძეზე დაყრდნობით არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, როცა არსებობს წერილობითი მტკიცებულებები და ვიდეოჩანაწერები, ვალდებული ვარ, რეაგირება გავაკეთო სამართალდარღვევაზე. შეტყობინება, პატაკი, ადმინისტრაციული ოქმი […] ვიდეოში ჩანს, რომ მზია ამაღლობელი პოლიციას, რომელიც სხვა პიროვნებას აკავებს, წინააღმდეგობას უწევს, ესაა საჯარო ვიდეო და მეორე არის, როგორც მახსოვს, ჩვენი პრესსამსახურის მიერ გადაღებული ვიდეო“, – თქვა მან.

მოწმეს არ აქვს ინფორმაცია, ვიდეოები მზია ამაღლობელის დაკავებამდეა გადაღებული თუ დაკავების შემდეგ. მისი თქმით, როდესაც ვანაძესგან მიიღო ინფორმაცია, ამის შემდეგ მოიძია ვიდეო, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

„დროს და წუთს ვერ დავაკონკრეტებ, ამ ვიდეოში ნათლად ჩანს მისი მხრიდან წინააღმდეგობა და თვითონ მისი პიროვნებისთვისაც, მოსამართლემ რომ შინაგანი რწმენით მიიღოს გადაწყვეტილება, ჩანს, როგორი აგრესიული იყო პოლიციის მიმართ. ფაქტია, რა“, – თქვა მოწმემ.

ვიდეოები, რომელიც შსს-ს აქვს წარმოდგენილი, „აჭარა თაიმსს“ ეკუთვნის. „აჭარა თაიმსის“ წარმომადგენელმა სულხან მესხიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ვიდეოები გადაღებულია მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის დაკავების დროს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელი ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებულია.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ არ დააკმაყოფილა აჭარის პოლიციის ხელმღვანელის, გრიგოლ ბესელიას და ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელის, ირაკლი დგებუაძის გამოკითხვის მოთხოვნა, თუმცა დადასტურებულად მიიჩნია დაცვის მხარის არგუმენტაცია საქმეში მათი მონაწილეობის შესახებ.

„სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სტიკერის გაკვრის [დროს] ბესელიამ ხელი მოჰკიდა და არ გაუწევია წინააღმდეგობა მზია ამაღლობელს და შეჰყვა მას პოლიციის ეზოში თუ შენობაში და მეორე ჩანაწერია, სადაც ირაკლი დგებუაძე ამბობს, რომ 150-ე მუხლით დავაკავეთო. ეს ორი ფაქტი დადასტურებულად მიმაჩნია, აქედან გამომდინარე, სასამართლო უარს გეუბნებათ მათ დაკითხვაზე, იმიტომ რომ დადასტურებულად მიმაჩნია ვიდეოჩანაწერებით […] ვიდეოჩანაწერებში ვერ დავინახე მზიას მხირდან პოლიციელების შეურაცხყოფის ფაქტი, გვყავს მოწმის სახით [გოჩა] ვანაძე დაკითხული და ორი პოლიციელი, რომლებიც ამაზე მიუთითებენ მათზე გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. დაცვის მხარის არაერთი მოწმე მიუთითებს, რომ მზია ამაღლობელს შეურაცხყოფა არ მიუყენებია პოლიციისთვის“, – განაცხადა მოსამართლემ.

გრიგოლ ბესელიას და ირაკლი დგებუაძის გამოკითხვის შუამდგომლობმა ადვოკატებმა წინა სხდომაზე დააყენეს. ადვოკატების არგუმენტაცია იყო, რომ ამაღლობელი ბესელიამ დააკავა, დგებუაძემ კი მისი დაკავების საფუძვლად ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლი დაასახელა.

საქმეზე გადაწყვეტილება 18 მარტს გამოცხადდება.