დღეიდან ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა იწყება – თბილისის მასშტაბით, იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს.
კვლევასთან დაკავშირებულ დეტალებზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს.
ამ ეტაპზე კვლევა თბილისის მოსახლეობაზეა მიმართული და შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 500 ადამიანია შერჩეული.
კვლევას კოორდინირებას ინფექციური საავადმყოფო გაუწევს, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით.
ცენტრი შესთავაზებს კვლევების პაკეტს, მათი პოსტკოვიდური მდგომარეობის შესასწავლად.
ამირან გამყრელიძის განმარტებით, ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომის კვლევა ერთ-ერთი აქტუალური საკითხია მსოფლიოში. კოვიდგადატანილთა 30%-ს ხანმოკლე ან ხანგრძლივვადიან პერიოდში აქვს გარკვეული გამოვლინებები, როგორიცაა მანამდე არსებული ქრონიკული დაავადებების გამწვავება, რომელიც ვირუსმა კიდევ უფრო დაამძიმა ან შესაძლოა ვირუსით ინფიცირების ფონზე გაჩნდა სხვადასხვა გართულება სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ნერვული სისტემის, ფსიქიკური მდგომარეობისა და ა.შ.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, კვლევისათვის პირველ ეტაპზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბაზიდან შეარჩიეს თბილისში მცხოვრები დეკემბერი-თებერვლის პერიოდში ინფიცირებული მოქალაქეები, რომელთაგან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ინფექციურმა საავადმყოფომ შეარჩია 500 ადამიანი. მათ დაეგზავნათ ინფორმაცია და გაივლიან შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ კვლევებს.
ბრიფინგზე ითქვა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მიმართონ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, კორონავირუსის გადატანის შემდგომი ჩივილებით. უშუალოდ ე.წ. პოსტკოვიდური სინდრომის მიზანმიმართული კვლევა კი დღეიდან დაიწყება.
თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს ნოემბრიდან აქვს პოსტკოვიდური გამოკვლევების პროტოკოლი; პირველადი ჯანდაცვის ექიმები მომზადებულნი არიან ამ მიმართულებით; პაციენტების ნაწილს ამ კვლევების გავლა შეუძლია საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში; რეაბილიტაციის კომპონენტი ფინანსდება რეფერალური პროგრამიდან და აბასთუმნის ცენტრში კორონაგადატანილ პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს სარეაბილიტაციო კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით.
დღევანდელ ბრიფინგზე ითქვა ისიც, რომ კვლევა ამ ეტაპზე მიმართულია თბილისის მოსახლეობაზე, თუმცა, შედეგების მიხედვით, შესაძლოა, კვლევის მასშტაბი უფრო გაიზარდოს. აქვე ყურადღება გაამახვილეს კვლევის მნიშვნელობაზე და ითქვა, რომ კვლევის შედეგებით საქართველო შეუერთდება იმ მონაცემებს, რომელიც პოსტკოვიდური სინდრომის კვლევის ფარგლებში მსოფლიოში გროვდება.