საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.
მისი თქმით, სტრატეგიული მიზნებია კულტურაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობა და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, კულტურასა და შემოქმედებით პროცესებში საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, ხელოვანთა მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, შემოქმედებითი საქმიანობისა და ინდუსტრიების გაძლიერება, ასევე, სახელოვნებო განათლების განვითარება და ხელმისაწვდომობა.
წულუკიანის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით 2030 წლისთვის შესწავლილი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა, ძეგლების 100% აღირიცხება ელექტრონულ პლატფორმებზე, კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება 500-მდე ძეგლზე. შესწავლილი იქნება საზღვარგარეთ გამოვლენილი ქართული ძეგლების 55%.
„შემუშავდება სამუზეუმო საქმიანობის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მართვის ერთიანი პოლიტიკა. აღდგება და იმუშავებს საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი – შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რისთვისაც 70 მლნ. ლარამდე დაიხარჯება“, – განაცხადა მან.