რა წერია სახალხო დამცველის ანგარიშში ლგბტ+ თემის უფლებებზე

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2023 წლის ანგარიშს აქვეყნებს. 386-გვერდიან ანგარიშში წარმოდგენილია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.

ანგარიშში ერთ-ერთი თავი ეთმობა ლგბტ+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობას.

„გასული წლების მსგავსად, ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება. ლგბტ+ თემის წევრები კვლავ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლები არიან და ეს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებით, სიძულვილის მოტივით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებით და სხვა სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით არის გამოწვეული“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პირები, თავიანთი მოქმედებებითა და განცხადებებით, ხელს უწყობენ ჰომოფობიური განწყობების გავრცელებას, დისკრიმინაციის წახალისებას და, ამავე დროს, ჩადიან ქმედებებს, რომლებიც, ხშირად, ლგბტ+ ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევაში გამოიხატება.

„აღნიშნულ გამოწვევებზე საქართველოს სახალხო დამცველმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისათვის, იდენტობის ჯგუფის საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიმდინარეობის შესახებ წარდგენილ კომუნიკაციაშიც მიუთითა. მასში განხილულია: ჰომოფობიური ხასიათის განცხადებები, 2023 წლის 8 ივლისს პრაიდ ფესტივალის ძალადობრივი ჩაშლა, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე (მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზე) მიმდინარე გამოძიებისა და სამართალწარმოების ხარვეზები, სტატისტიკის წარმოება სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე და ლგბტ+ თემის უგულებელყოფა ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ ეროვნულ სტრატეგიაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

რას წერს სახალხო დამცველი 8 ივლისზე

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ლგბტ+ პირთა და მათი მხარდამჭერების მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა არსებითად არის გართულებული.

„ეს დაკავშირებულია ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან როგორც საჯარო სივრცეში, ასევე დახურული ღონისძიების ფარგლებში, კერძო საკუთრების ტერიტორიაზე, ამ უფლებების რეალიზებისთვის ძალადობრივი ქმედებებით ხელშეშლასთან, რასაც ადასტურებს 2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ირგვლივ განვითარებული მოვლენები“, – აღნიშნავს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის შეფასებით, 8 ივლისს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ლგბტ+ თემის დაცვა, „ამ მასშტაბის ძალადობის და დისკრიმინაციის მხოლოდ საპოლიციო ძალების გამოყენებით შეჩერება შეუძლებელია და ხშირად – არასაკმარისიც. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭიროა კომპლექსური, დროში გაწერილი და სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების გატარება, სხვადასხვა უწყების და ფართო საზოგადოების ჩართულობით“.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ პრობლემური იყო 2023 წლის 8 ივლისის პრაიდის ღონისძიების საპირისპიროდ, რადიკალური ჯგუფების მიერ პრაიდის ღონისძიების ჩაშლის მიზნით შეკრება. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, ასეთ შემთხვევებში შეფასდეს კონტრდემონსტრანტების მიერ სიძულვილის ენის, განსაკუთრებით კი, ჰომოფობიური მნიშვნელობის მქონე განცხადებების გამოყენება, ასევე, შესაბამისი ქმედებები. ამ საკითხის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს, არის თუ არა დაცული უფლების კონსტიტუციური ფარგლები.

სახალხო დამცველი „რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებული კონტრშეკრებები და აქციების“  ქვეთავში პარლამენტს შემდეგი წინადადებებით მიმართავს:

  • მოწესრიგდეს სხვადასხვა სახის შეკრების (მათ შორის, სპონტანური და
    ერთდროული შეკრებები) გამართვის წესთან დაკავშირებული საკითხები;
  • ვითარების ესკალაციისა და უფლებაში ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად
    თავიდან ასარიდებლად, საკანონმდებლო დონეზე დაინერგოს შეკრების
    მონაწილეებთან დიალოგისა და მოლაპარაკების წარმოების მექანიზმი.

გასული წლის 8 ივლისს პრაიდფესტივალის ჩაშლის შემდეგ საპატრულო პოლიცია ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერს, ზურაბ მახარაძეს ფესტივალის ტერიტორიისკენ გაუძღვა, რათა ის „დარწმუნებულიყო“, რომ ტერიტორიაზე ფესტივალის ორგანიზატორები აღარ იმყოფებოდნენ.