8 ივლისის პატაკი მოძალადეებს

8 ივლისს პრაიდფესტივალის ჩაშლის შემდეგ საპატრულო პოლიცია ძალადობრივი, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს, ზურაბ მახარაძეს ფესტივალის ტერიტორიისკენ მიუძღვება, რათა ის „დარწმუნდეს“, რომ ტერიტორიაზე ფესტივალის ორგანიზატორები აღარ იმყოფებიან.

15:04|„ახლა შევალთ, ვნახავთ, რომ მართლა გაიყვანეს, გადავამოწმებთ და გამოვალთ“, – მიმართავს მახარაძე ლისზე შეკრებილ ჰომოფობიური აქციის წევრებს.

15:06|„პუბლიკისა“ და აჭარის ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ამ განცხადების შემდეგ მახარაძესა და ჰომოფობ ვატო შაქარიშვილს ეგებება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი და მიუძღვება ფესტივალის ტერიტორიისკენ.

რამდენიმე წამში, ფესტივალის ტერიტორიაზე კადრებში გამოჩნდება ძალადობრივი დაჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, კოკა მორგოშია.

მახარაძე და მორგოშია ფესტივალის ტერიტორიაზე საჩვენებელ შემოვლას აკეთებენ და მალევე, დაახლოებით 2-3 წუთში უკან ბრუნდებიან. 15:12-ისთვის კი მახარაძე აქციას სიტყვით კვლავ მიმართავს: „მოვიგეთ, გავიმარჯვეთ“… „ამერიკა ხომ ამბობდა; ევროპა ხომ ამბობდა, ჩავატარებთო. ჩემი ფეხები ჩაატარეს“.

რა ხდებოდა 20 წუთით ადრე

„პუბლიკის“ რესპონდენტების ცნობით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, ფესტივალის ტერიტორიიდან ორგანიზატორთა ევაკუაცია დაახლოებით 14:44 წუთიდან დაიწყეს. ანუ მაქსიმუმ 20 წუთით ადრე ზემოთ აღნიშნულ მოვლენამდე.

14:53-წუთზე უკვე თავად Tbilisi Pride-მაც დაწერა, რომ სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა და მოუწიათ ტერიტორიის დატოვება სამარშრუტო ტაქსებით.

„ნეტგაზეთის“ გადაღბულ ვიდეოში ნახავთ, როგორ ცდილობს გოგა მემანიშვილი აქტივისტ გვანცა პერტიას ტერიტორიიდან გაყვანას.

გოგა მემანიშვილი საზოგადოებას 2 წლის წინ ჩვენივე რედაქციის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟიდანაც ახსოვს. ანალოგიურად, 2 წლის წინ, როდესაც იგივე ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებით, 5 ივლისს „სირცხვილიას“ ოფისს არბევდნენ, დარბევის შემდეგ ტერიტორიის დასათვალიერებლად შენობაში კოკა მორგოშია შეჰყავთ. კადრებში ჩანს, რომ ის კოორდინაციაშია, მათ შორის, გოგა მემანიშვილთან.

„სირცხვილიას“ ოფისის დარბევისას ძალადობრივი აქციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ „TV პირველის“ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას. ლაშქარავა შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა. დღეს მისი გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა.

„5 ივლისის“ არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დასჯილა.

ამ მოვლენებიდან ორ კვირაში ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტით ცნობილი ხდება, რომ გოგა მემანიშვილი დააწინაურეს. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, „5 ივლისამდე”, კერძოდ, 2021 წლის მაისში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მემანიშვილი I სახაზო-საპატრულო სამმართველოს (მთაწმინდა-კრწანისი) უფროსი იყო. მომდევნო წლებში კი მას თანამდებობად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე უწერია.

„ესაა ჩვენი დემოკრატია“

„8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება“, – ასე აანონსებდა მოძალადე კოკა მორგოშია პრაიდფესტივალის წინააღმდეგ წელს დაგეგმილ ძალადობრივ მოვლენებს.

„ესაა ჩვენი დემოკრატია, დემოკრატიის სათავეში ვდგავართ, უმაღლეს წერტილში ვართ დემოკრატიის“, – ამბობს 2021 წლის 5 ივლისის ვიდეოში ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის მუხლით მსჯავრდებულია 6 პირი და მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საიას ცნობით, მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. ამჟამად, აღნიშნული საქმეები უზენაეს სასამართლოში განიხილება.

„საიასთვის ცნობილი ბოლო ინფორმაციით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ეპიზოდთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან გასულია ორი წელი. ეს, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ გამოძიებას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები ამ დრომდე არ აქვს. ამ პერიოდში გარდაცვლილის ოჯახი კვლავ გამოძიების შედეგების მოლოდინშია“, – წერს საია.