„რაც ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, ველური ვენდეტაა“ | „ლელოს“ განცხადება

პუბლიკა

პარტია „ლელო“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პარტიაში ამბობენ, რომ მიუხედავად ექიმთა კონსილიუმის მკაფიო რეკომენდაციებისა, მიუხედავად ათასობით მოქალაქის მიმართვისა, მიუხედავად სახალხო დამცველის და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ღიად გაცხადებული პოზიციისა, ხელისუფლება ჯიუტად არ იღებს მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას.

„მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს, რაც ახლა მე-3 პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება და ველური ვენდეტა, რასაც არანაირი კავშირი არა აქვს მართლმსაჯულებასთან და სამართალთან.

კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, რომელიც მზად იქნება გაუმკლავდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ არსებულ რისკებს, როგორც ეს ხდება ასეულობით სხვა პატიმრის შემთხვევაში.

თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეს შეფასდება მოშიმშილე პატიმრის გამიზნული მოკვდინების მცდელობად, რაზეც შესაბამის თანამდებობის პირებთან ერთად პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად ბიძინა ივანიშვილს.
გაფრთხილებთ! ჩვენს ქვეყანას სამუდამო დაღად დააჩნდება ისტორიის მოკლე მონაკვეთში უკვე მეორე პრეზიდენტის ტრაგიკული დაღუპვა და ამაზე პოლიტიკური კლასის და საზოგადოების ჩუმი თანხმობა, “- ნათქვამი „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 31 დღეა შიმშილობს.