რაც მტერმა იარაღით ვერ შეძლო, ის შეძლო რბილი ძალით ამ ხელისუფლების პირობებში - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის, ნიკა მელიას განცხადებით, აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე საქართველო რუსული ოცნების ხელით სრულად ოკუპირებულია.

„რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის – აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წლის თავზე, საქართველო, სამწუხაროდ, სრულად ოკუპირებულია რუსული რბილი ძალისა და უსამშობლო ქართველების – საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნების ხელით! დიახ, რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20%-ის ოკუპაცია შეძლო 90-იანი წლების დასაწყისში. და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით. ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში! ხელისუფლების, რომელიც სათავეში მოვიდა „ქართული ოცნების“ სახელით, მაგრამ საქმით წარმოადგენს რუსულ ოცნებას – რუსების ახდენილ ოცნებას!

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდარც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც სცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!“, – განაცხადა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.