„რაჭის ტყეების დასაბრუნებლად“ - აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან კარავი გაშალეს

პუბლიკა

რაჭის ტყეების გასხვისების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლება მისცა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები დაახლოებით ერთი საათი ელოდებოდნენ პოლიციისგან ან სამინისტროს წარმომადგენლისგან პასუხს კარვის გაშლის ნებართვაზე.

„ვითხოვდით რომ დალოდებისა და პროტესტის უფლება მოეცათ. მინისტრის მოადგილემ თქვა დღეს რომ ღია ვართ კომუნიკაციისთვისო და ვიდრე ეს კომუნიკაცია შედგება, ჩვენ რომ შევძლოთ ფიზიკურად, ჯანმრთელობა რომ არ დაგვიზიანდეს ამისთვის გასაჩერებელი კონსტრუქციის მოწყობას, რაც არ გვეძლეოდა ამ ხნის განმავლობაში. ერთი კვირაა აქ ვართ. დარბევები მოჰყვა მსგავსი მცდელობა რომ გვქონდა კარვის გაშლის და საერთოდაც პოლიცია პლედის ჩამოფარებას გვიშლიდა. ახლა გამოვიდა პოლიციელი და მოგვცა თანხმობა. ეს მონაპოვარი გვაქვს. ახლა ველოდებით კომუნიკაციის ნაწილში რა იქნება, ” – თქვა „პუბლიკასთან“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღევანდელ აქციაზე მოითხოვეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას მისვლაც.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის სრულად გაუქმებას მოითხოვს. ისინი 18 ნოემბრიდან პროტესტს თბილისში გარემს დაცვის სამინისტროს მიმდინარე ტერიტორიაზე აგრძელებენ მანამდე, სანამ ლიცენზია არ გაუქმდება.