რაჭის ტყეების გადაცემის საქმეზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს

პუბლიკა

„მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე, საქართველოს მთავრობის განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

ასევე, „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რათა ბათილად იქნას ცნობილი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ის ბრძანებები, რომლითაც რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეებში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და ლიცენზია გაიცა.

ორგანიზაციების თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის, გარემოსათვის ზიანის მიყენების რისკების წინასწარი შეფასების გარეშე, ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით დადგენილი მოთხოვნების უხეში დარღვევით.

ბიზესმენ დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად Mtisambebi.ge-იმ გაავრცელა.