რაჭის ტყეების საქმეზე გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გარემოს ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, „მწვანე ალტერნატივამ“ და ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

ორივე ორგანიზაცია სამინისტროსგან რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესმენისთვის, დავით ხიდაშელისთვის, რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყის 49 წლით გადაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და „ინვესტორთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებას მოითხოვს.

„მწვანე ალტერნატივა“ და „მთის ამბები“ სამინისტროსგან სამი თვეა ითხოვენ ამ მასალებს, მაგრამ სამინისტრო უარს ამბობს საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე. უწყებამ არც „მწვანე ალტერნატივის“ და არც „მთის ამბების“ ადმინისტრაციული საჩივრები არ განიხილა.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება „მწვანე ალტერნატივამ” 5 მაისსაც გამოაქვეყნა.

2022 წლის 14 მარტს „მწვანე ალტერნატივამ” მიმართა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს და მოითხოვა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ლიცენზიის გაყიდვისათვის აუქციონის გამართვისა და ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებების და ამ გადაწყვეტილების მიღებისათვის ჩატარებული  ადმინისტრაციული წარმოების მასალები.

2022 წლის 19 აპრილს მივიღეთ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის დროებით ფუნქციების შემსრულებელის თეიმურაზ მთივლიშვილის წერილი, სადაც ბატონი თეიმურაზი აუქციონის გამართვის პროცესის და გაცემული ლიცენზიის პირობებით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ მოგვითხრობდა.

წერილით არ გადმოგვეცა არცერთი ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტი. ამიტომ 2022 წლის 29 აპრილს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა  გარემოს ეროვნული სააგენტოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს”, – ნათქვამია განცხადებაში.