რადგან დეკრეტშია, პირადად გავაჟღერებ მის პოზიციას - წილოსანი თოლორაიაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

წილოსანი წერს, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ თოლორაია დეკრეტშია და ამიტომ ეზღუდება მას შესაძლებლობა ამ პროექტთან დაკავშირებით გააჟღეროს საკუთარი არგუმენტაცია და მიიღოს მონაწილეობა კანონპროექტის განხილვაში. დეპუტატი სთავაზობს სახელმწიფო ინსპექტორს, მიაწოდოს ის საკითხები, რომლებზეც ყურადღების გამახვილება სურს და თვითონ გააჟღერებს თოლორაიას პოზიციას.

„სახელმწიფო ინპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი აქტიურ განხილვებზე შემოდის პარლამენტში, რომლის ძირითადი არსი უკვე კარგად გავრცელებულ მოსაზრებას ეფუძნება – რამდენად სწორია ერთი უწყების ქვეშ იყოს საგამოძიებო და მონაცემთა დაცვის ფუნქციები შეთავსებული.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში და სწორედ ამიტომ, მას ეზღუდება შესაძლებლობა ამ პროექტთან დაკავშირებით გააჟღეროს საკუთარი არგუმენტაცია და მიიღოს მონაწილეობა კანონპროექტის განხილვაში. ამიტომ, მინდა შევთავაზო მას მომაწოდოს საკითხები, რის დაყენებასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს, და პირადად გავაჟღერო მისი პოზიცია. შესაბამისად, მივიღოთ პასუხები ინიციატორებისგან თითოეულ დასმულ საკითხზე.

ჩემთვის, როგორც ქალისთვის, გასაგებია მის მდგომარეობაში თუ როგორი რთული შეიძლება იყოს ჩვეული ფორმით პროცესში ჩართულობა, ამიტომ მზად ვარ მაქსიმალურად დავეხმარო მას პოზიციის დაფიქსირებაში“, – წერს წილოსანი.