„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ეხმაურება ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილებას (PVT) და აღნიშნავს, რომ PVT-ის ელემენტარული მათემატიკური ანალიზის საფუძველზე მათ თავიდანვე შეიტანეს ეჭვი ამ მონაცემების კორექტულობაში.
კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა უცხოელ პარტნიორებს, რომ ისინი „გულისყურით მოეკიდნენ მათ შეშფოთებას PVT-ის ცდომილებასთან დაკავშირებით”. როგორც კობახიძე ამბობს, მათ მიერ უცხოელი პარტნიორების ინფორმირების შემდეგ, გადამოწმების მიზნით ჩატარდა აუდიტი, რომლის შედეგებიც გუშინ გამოქვეყნდა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აღნიშნული დაზუსტებული მონაცემები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სირცუე და სპეკულაციაა. გთავაზობთ მის განცხადებას:
„დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია 9 წლის მანძილზე და უფრო ადრეც, აყალბებდა არჩევნებს. ამ ადამიანებთან თავდაცვით პოზიციაში ყოფნა და არჩევნების არგაყალბების შესახებ თავის მართლება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთივე სიყალბეა მათი პროპაგანდა ე.წ. კარუსელებთან, ამომრჩევლის მოსყიდვასთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაზეც ისინი მტკიცებულებებისა და არგუმენტების გარეშე საუბრობენ. სწორედ ამიტომ გაურბის რადიკალური ოპოზიცია დღემდე ჩვენს ყველა შეთავაზებას არჩევნების შედეგების გადამოწმებასთან და ამ თემაზე დებატებთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ PVT-ის ხარვეზი რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა მორიგ საბაბად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმისათვის, რაც სათანადო რეაგირებას საჭიროებს. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებზე გახშირებული თავდასხმების, მათი შეურაცხყოფის, უხეში ანტიამერიკული და ანტიევროპული პროპაგანდის ფონზე, რასაც ისინი გასული დღეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად აწარმოებენ”, – განაცხადა კობახიძემ.
აბსურდია „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით უკანონო მიყურადებაზე და ა.შ. საუბარი, რადიკალური ოპოზიცია ასე ცდილობს, რაღაცნაირად გამოძვრეს უხერხული ვითარებიდან, – ამის შესახებ კი მან ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა.
„პირველ რიგში, ვისაუბროთ არითმეტიკაზე და მათემატიკაზე, როგორ დავადგინეთ ჩვენ. რეალურად, იქ იყო საუბარი უკანონო მიყურადებაზე და ა.შ, რაც ყველას ესმის, რომ აბსურდია. ასე ცდილობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რაღაცნაირად გამოძვრნენ უხერხული ვითარებიდან. ისინი აფუძნებდნენ საკუთარ მტკიცებულებას გაყალბებასთან დაკავშირებით PVT-ზე და მთლიანად ჩამოენგრათ ეს მთავარი საყრდენი. შესაბამისად, მათი ეს მძიმე და უხერხული მდგომარეობა გასაგებია და ეს მორიგი სიცრუე, მისი ტირაჟირებაც არის აბსოლუტურად ახსნადი”, – ამბობს კობახიძემ.
„სამართლიანი არჩევნების” (ISFED) მიერ გუშინ, 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებას ხმების პარალელური დათვლის შედეგებში ცდომილებასთან დაკავშირებით გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელები. ისინი ყურადღებას ორი მიმართულებით ამახვილებენ. პირველი – მათი თქმით, ISFED-ის მონაცემებში ვერ იქნება ასახული კარუსელებითა და მუქარით მიცემული ხმების რაოდენობა, რასაც მათი თქმით, არჩევნებზე სისტემური ხასიათი ჰქონდა და რაც თავის მხრივ, გავლენას ახდებს საბოლოო შედეგებზე. და მეორე – ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უჩნდებათ ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ISFED-ის ამ ცდომილების საჯაროდ გაცხადებამდე უკანონო გზებით იცოდა ამის შესახებ და რომ „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება „1%-იანი გადახრის” შესახებ აქედანაც იყო განპირობებული.