რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების დასაჩქარებლად - სამხარაძე

პუბლიკა

„ამ გართულებულ დროს და რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს სტატუსის მიღების დასაჩქარებლად“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სურთ, ევროკავშირს გააგონონ, რომ ქართველი ხალხი არის მომხრე, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

„საკმაოდ დაგეგმილი პოლიტიკა გვქონდა ევროკავშირში გაწევრების თაობაზე განაცხადზე. ეს პოლიტიკა იყო ის, რომ 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაახლოებით 2/3 უნდა შეგვესრულებინა და ამის შემდეგ გაგვეკეთებინა განაცხადი, რადგან ამ შემთხვევაში, უფრო ახლოს ვიქნებოდით ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან. სიტუაცია იქიდან გამომდინარე შეიცვალა, რომ უკრაინაში ომისა და რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და ეს არის სოლიდარობის გამომხატველი აქტი, რაც გუშინ ევროპარლამენტმა გააკეთა. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მსჯელობას ევროპულ საბჭოში, სადაც არის 27 ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ორგანო. 27-ვე ქვეყანამ ერთხმად უნდა დაუჭიროს მხარი ამ სტატუსის მინიჭებას ან არმინიჭებას.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვნახოთ, რა სურათი შეიქმნება. ილუზია ნურავის ექნება, რომ დღეს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მზად არიან, ევროკავშირის წევრობისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, უბრალოდ, ამ გართულებულ ფონზე და რუსული აგრესიის ფონზე ევროპიდან რაღაც სიგნალებს ვიღებთ, რაც შეიძლება, გამოყენებული იყოს სტატუსის მიღების დასაჩქარებლად. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რეზოლუციის პროექტით ამ სიგნალებზეა პასუხი. ევროკავშირს გვინდა გავაგონოთ, რომ ქართველი ხალხი არის მომხრე, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამ საკითხე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა სოზარ სუბარმა. მანაც აღნიშნა, რომ „ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება. ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება”.

„რეზოლუციის პროექტი დიდი ხანია, მომზადებულია, მაგრამ დღემდე გამოტანა არ ხდებოდა, რადგან მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა ახლა არის ვითარება, როცა ამ პროცესის დაჩქარებულად ლობირება შეიძლება. იმედია, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭერენ. თუ დოკუმენტის შინაარსსა და სულისკვეთებაზე ვთანხმდებით, დანარჩენ დეტალებზე მუშაობა გაგრძელდება. მთავარი სამუშაოა ევროპელ პარტნიორებთან, რადგან ევროკავშირში ინტეგრაცია ცალმხრივად არ ხდება. ჩვენი სურვილი არ არის საკმარისი, თუ არ იქნება ევროკავშირში შემავალი ქვეყნების თანხმობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.


საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე მუშაობას იწყებს.

პარლამენტმა რეზოლუციის პროექტის ტექსტიც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რეზოლუცია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება.