რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გაიტაცეს.
ამის ამსახველი კადრები რამდენიმე მოქალაქემ გადაიღო და ფეისბუქზე გაავრცელა.
აქტივისტ თაკო ხელაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში ვინაობის კითხვის შემდეგ ჯიოშვილი ამბობს, რომ „რაღაცას უდებენ ჯიბეში”.
იგი ასევე ამბობს, რომ იჭერენ პლაკატის გამო, რომელიც ხელში ეჭირა.
„დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე” ეწერა პლაკატზე, რომელიც მას აქციაზე ეჭირა.
ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფელი. – შს სამინსიტრო კავშირზე არ გამოდის. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გაათავისუფლოს ტვ პირველის ოპერატორი”. – წერს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე.
პუბლიკა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს, თუმცა პრესსამსახურში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
განახლება: შსს-ში აცხადებენ, რომ ჯიოშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.