რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი – კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

პუბლიკა

დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, თანამოაზრეებთან ერთად გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი კანონით განისაზღვროს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 229 000 ადამიანის საშუალო ანაზღაურება თვეში 280 ლარს შეადგენს, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია და საბაზისო საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს.

კანონპროექტი ადგენს მინიმალური ხელფასის განსაზღვრის წესს – „მინიმალური ყოველთვიური ხელფასის ოდენობად სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირთათვის არ შეიძლება დადგინდეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში დადგენილ საქართველოში დასაქმებულთა ყოველთვიური საშუალო ხელფასის 45% -ზე ნაკლები“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

„ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, მინიმალური ხელფასი უნდა იყოს საშუალო ხელფასის 45%, რაც დღევანდელი მონაცემებით, გამოდის 500 ლარი დარიცხული, ხელზე ასაღები – 400 ლარი. ეს უნდა იყოს მინიმალური, ყველაზე ქვედა ზღვარი, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ქვეყანაში რეალური საარსებო მინიმუმი არის 380 ლარი და არ შეიძლება, ადამიანები სრულ განაკვეთზე მუშაობდნენ იმაზე ნაკლები ანაზღაურებისთვის, ვიდრე საარსებო მინიმუმია. ხელფასის საფუძველზე ადამიანები ირჩენენ თავს და არჩენენ ოჯახს, ამიტომ მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს კანონით. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა მინიმუმ 229 000 ადამიანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ კანონით ხელფასის ქვედა ზღვარი დადგინდება, ეს გამოიწვევს სხვა შედარებით მაღალი ანაზღაურების მქონე ადამიანების ხელფასის ზრდასაც“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, რაც შეეხება მცირე ბიზნესს, რომლის ბრუნვაც 500 000 ლარია, მასზე ეს კანონი არ გავრცელდება 5  წლის განმავლობაში, რათა მოემზადონ და, შესაბამისად, არ დაკარგონ მოტივაცია, გაზრდის.

კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი. კანონის შემუშავებაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ მშრომელთა გაერთიანებები: დამოუკიდებელი მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“, მეტროს პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ და სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაერთიანება, ექთნები, მეტალურგები და სხვა დარგების წარმომადგენლები.

კანონის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გელა მიქაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ჯინჭარაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ნატო ჩხეიძე.

მოქმედი შრომის კოდექსი მინიმალური ხელფასის ოდენობას არ განსაზღვრავს. ამ საკითხს ფორმალურად არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება, რომლის თანახმად, მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარია.