რამდენიმე ჩეჩენი კაცი ირწმუნება, რომ საქართველოში შესვლაზე უარი უმიზეზოდ უთხრეს

პუბლიკა

ავტორი: ელიზავეტა ჩუხაროვა

დამოუკიდებელი მედია Caucasian Knot-ის ინფორმაციით, სამი ჩეჩენი კაცი თბილისის აეროპორტში რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავებული იყო მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მათ რუსეთისა და საქართველოს საზღვრამდე სახმელეთო გზით გამგზავრება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა აეროპორტში გააჩერეს და ოთახში მოათავსეს, რომელიც, ერთ-ერთი მათგანის აღწერით, ციხის საკანს ჰგავდა.

დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა მედია Caucasian Knot-მა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას, პარასკევს, 16 ოქტომბერს გაავრცელა. გამოცემა ერთ-ერთ ჩეჩენ კაცს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. OC Media-მ კომენტარისთვის საქართველოს ხელისუფლებას მიმართა.

Caucasian Knot-ის მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტისთვის საქართველოს ხელისუფლებას გამოცემის ცნობები არც დაუდასტურებია და არც განუმარტავს, რატომ უთხრეს მათ ქვეყანაში შესვლაზე უარი.

წყაროს ცნობით, ორი კაცი სამშაბათს მილანიდან ჩამოვიდა, მესამე კი – ხუთშაბათს ანტალიიდან. ქვეყანაში შესვლაზე უარის მიღების შემდეგ მათ იტალიური და თურქული ავიაკომპანიების მიერ შესრულებული უკან დასაბრუნებელი რეისების მოლოდინში ყოფნა მოუწიათ. რეისები შაბათ-კვირისთვის იყო დაგეგმილი. Caucasian Knot-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, მოახერხეს თუ არა მათ საქართველოს დატოვება.

გამოცემის ცნობით, კაცებს არ განუმარტეს, რატომ აკავებდნენ. ერთ-ერთი მათგანისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების ასლი გამოცემამ მოიპოვა. დოკუმენტში, სავარაუდოდ, მხოლოდ ის იყო მითითებული, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძველზე.

დაკავებული კაცის თქმით, მათ ტელეფონები დაუყოვნებლივ ჩამოართვეს. ერთ-ერთმა მათგანმა მოწყობილობის შენარჩუნება შეძლო და ამის წყალობით ჟურნალისტთან შეტყობინებების გაცვლა მოახერხა.

მისი მტკიცებით, საკვები მათთან დიდი დაგვიანებით მიჰქონდნენ. ასევე, აეროპორტში ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის შემდეგ სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ჰყავდათ გაჩერებული, მათ შორის თურქმენეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.

მოხალისეობრივი ორგანიზაცია Volunteers Tbilisi-ის დამფუძნებელმა მარია ბელკინამ Caucasian Knot-ს განუცხადა, რომ ორგანიზაციას ჩეჩნების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. საქართველოში უცხოელების დახმარებით დაკავებული ადვოკატი დარია სამოდუროვაც აცხადებდა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.

ჩეჩნეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონების მცხოვრებლებს ადრეც განუცხადებიათ, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევდნენ.

ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს საქართველოში შემოსვლის პრობლემა ადრეც ჰქონიათ

2022 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მობილიზაციის გამოცხადების შესახებ განაცხადა, ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს მესაზღვრეები ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში დაბადებულ პირებს ქვეყანაში შესვლაზე უარს ეუბნებოდნენ.

მისი თქმით, ჩეჩნეთის ზოგიერთი მცხოვრები, მათ შორის ქალები და ბავშვები, სასაზღვრო პუნქტზე რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

საქართველოს ხელისუფლებას იმ დროს ეს ცნობები არ დაუდასტურებია. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ სასაზღვრო შემოწმებები დადგენილი წესების შესაბამისად ტარდებოდა, ხოლო გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღებოდა.

საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას სირთულეები უკრაინის მოქალაქეებსაც შეექმნათ.

2023 წლის აგვისტოში ექვსი უკრაინელი, რომელთაგან ხუთს მანამდე სასჯელი რუსეთის სასჯელაღსრულების კოლონიებში ჰქონდა მოხდილი, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აღმოჩნდა. საქართველოს მესაზღვრეებმა მათ ქვეყანაში შესვლის უფლება 11 დღის განმავლობაში არ მისცეს და ამის მიზეზად უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი კანონმდებლობა დაასახელეს.

უკრაინის მოქალაქეები საქართველოს საზღვარზე 2025 წელსაც შეფერხდნენ. 

2025 წლის ივნისში ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მსგავსი ვითარება შეიქმნა: რუსეთიდან დეპორტირებულმა უკრაინის თითქმის 100-მა მოქალაქემ საქართველოში შესვლა ვერ შეძლო.

მოხალისეებისა და ჟურნალისტების ინფორმაციით, ისინი საზღვრის მახლობლად მდებარე სარდაფში ჰყავდათ გაჩერებული. ჯგუფში ყოფილი პატიმრებიც იყვნენ, ზოგიერთ ადამიანს კი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა.

საქართველოში შესვლის უფლება მათ მხოლოდ მას შემდეგ მიეცათ, რაც საქმეში ადამიანის უფლებათა დამცველები ჩაერთნენ.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.