რამდენიმე კვირაა, სტუდენტების პროტესტი გვესმის, ხელისუფლების ინტერესი და რეაგირება კი არა - ბუჩუკური

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატი ანა ბუჩუკური პარლამენტის სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური მოძრაობის პროტესტს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი პროტესტის მიმართ, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხება.

„რამდენიმე კვირაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვესმის სტუდენტების პროტესტი, თუმცა რაც არ გვესმის, არის ხელისუფლები ინტერესი და რეაგირება ამ პროტესტის მიმართ.

ეს ახალგაზრდები და სტუდენტები არაფერს განსაკუთრებულს ხელისუფლების მხრიდან არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ ელემენტარულ სოციალურ და ეკონომიკური პირობების შექმნას, იმისთვის, რომ მათ ფიზიკურად შეძლონ სწავლის გაგრძელება”, – განაცხადა ბუჩუკურმა.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ახალგაზრდების სოციალური თუ ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ შექმნილ რეალობაში პოლიტიკის დოკუმენტები არის უბრალოდ ლამაზი სიტყვების ერთობლიობა „იმიტომ, რომ, სამწუხაროდ,  ვერ ვიხსენებ ხელისუფლების ვერცერთ ინიციატივას, რომელიც სწორედ ახალგაზრდებისა და მათ შორის სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის რაიმე პირობის შექმნას ემსახურებოდა”.

„მთავრობის მეთაური სტუდენტებს ეუბნება, რომ ჩვენი ეკონომიკა ადუღდა, გადმოვიდა საერთოდ გაზქურიდან, თუმცა ის არ ესაუბრება იმ გაზრდილ ფასებზე, რომელიც ჩვენ სტუდენტებს განსაკუთრებულად დააწვა. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პროდუქტის გაზრდილ ფასებს, მაგალითად, ქირის ფასი, რომელიც მიმდინარე ომის პარალელურად  არის კატასტროფულად გაზრდილი, აღარაფერს ვამბობ ცხოვრების ფასის ზრდაზე”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურმა პარლამენტის სხდომაზე მისი პარტიის ხედვების შესახებაც ისაუბრა.

პირველი – მე გაგახსენებთ, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ 2020 წლის ზაფხულში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სახელმწიფომ დაუფარა 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის საფასური. ასეთი სტუდენტების რაოდენობამ 15 051 შეადგინა. მანამდე კი, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება 1 588 სტუდენტს აუნაზღაურდა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს სწავლის საფასურის დაფარვაზე.

მეორე – გრძელვადიან პერსპექტივაში, გასაგებია, რომ ეს ერთ და ორ თვეში ვერ გაკეთდება, სახელმწიფომ უზრუნველყოს ღირსეული პირობების საერთო საცხოვრებლების აშენება სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ერთხელ და სამუდამოდ დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ფინალური გამოცდების ონლაინფორმატში ჩატარების მოთხოვნით თსუ-ის სტუდენტთა ნაწილი აქციებს მართავს. მათ მოთხოვნებს რექტორის, გიორგი შარვაშიძის გადადგომაც დაემატა.