თსუ-ის სტუდენტური მოძრაობის მოთხოვნებს რექტორის გადადგომაც დაემატა

პუბლიკა

თსუ-ის სტუდენტური მოძრაობა დღეს უნივერსიტეტში მორიგ აქციას მართავს. მათ მოთხოვნებს რექტორის, გიორგი შარვაშიძის გადადგომაც დაემატა.

სტუდენტები, როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ასევე მოითხოვენ ცვლილებას რექტორის არჩევის წესშიც. მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 38-კაციანი აკადემიური საბჭოს ნაცვლად, რექტორს უნდა ირჩევდეს ამავე უნივერსიტეტის პროფესორთა სრული უმრავლესობა, პირდაპირი, ფარული კენჭისყრით.

მათი სხვა მოთხოვნებია:

„ააშენოს სახელმწიფომ ღირსეული საერთო საცხოვრებელი ყველა სახელმწიფო უნივერსიტის სტუდენტისათვის. მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ სახელით ვითხოვთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შექმნას პლატფორმა, სადაც თავს მოიყრის თბილისში არსებული ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და მოამზადებს მოთხოვნას საერთო საცხოვრებელის მშენებლობასთან დაკავშირებით.

შეიცვალოს ამ სემესტრის ფინალური გამოცდების ფორმატი. დაემატოს საგამოცდო ცენტრები ყველა დიდ ქალაქში, ან გამოცდა წარიმართოს ონლაინ (არადასწრებით) ფორმატში. საერთო საცხოვრებელში არსებული 60-მდე ვაკანტური ადგილი, ვერ უზრუნველყოფს იმ ათასობით სტუდენტის მოთხოვნას, რომლისთვისაც არცერთი საგამოცდო ცენტრი არაა დამაკმაყოფილებელი…

სტუდენტი უნდა იყოს პრიორიტეტი. ვგმობთ რექტორის იმ უღირს საქციელს, რომელიც გამოიხატა, მწვავე სტუდენტური პროტესტის, რექტორთან შეხვედრის მრავალი მოთხოვნისა და აკადემიური საბჭოს განცხადებით, სტუდენტების შეურაცხყოფის ფონზე, როდესაც იგი დაკავებული იყო სადღეგრძელოების თქმით და არა უნივერსიტეტის პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრით“, – ნათქვამია განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile