რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა 

პუბლიკა

უკვე მეორე დღეა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი პრეზიდენტს ხვდება.

დღეს, 12 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ: ენმ-ის წევრი, ანი წითლიძე, „ლელოს“ წევრი, სალომე სამადაშვილი და „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. შეხვედრას ესწრებოდა ხატია დეკანოიძეც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ თქვეს, რომ ზურაბიშვილთან „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურასა და ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე ილაპარაკეს. წითლიძემ შეკითხვები მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებაც დასვა.

დეპუტატები, რომლებიც დღეს ზურაბიშვილს შეხვდნენ, იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებენ.

„კანდიდატის სტატუსი არის პირველი და უმთავრესი საკითხი, რომელიც, როგორც გამოიკვეთა, იმპიჩმენტზე მეტად აღელვებს საქართველოს პრეზიდენტს. ყოველ შემთხვევაში, იმპიჩმენტზე ნაკლებად ღელავს. ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული პოზიცია, რომ იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გაცხადებული პოზიცია. […] მან იცის ჩემი პოზიცია და იცის პარტიის პოზიციაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ უკავშირდება იმპიჩმენტს“. – თქვა ანა წითლიძემ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, იმპიჩმენტის მხარდაჭერას კატეგორიულად გამორიცხავს. ამასთან, გადაყენების მოლოდინი თავად პრეზიდენტსაც აქვს.

„სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ჩემზე კარგად იცნობს, აქედან გამომდინარე, სავსებით რეალურად მიიჩნევს ამ ფაქტს. სიმართლე გითხრათ, მეც ყური მომჭრა „ქართული ოცნების“ თავის მოკატუნებამ, რომ კონსულტაციებს არავისთან არ ვაპირებთო. ზუსტად ეგ ნიშნავს, რომ გაშმაგებით მუშაობენ ამისთვის. პრეზიდენტი უშვებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მიიღოს“. – განაცხადა ელისაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა 1 სექტემბერს დაიწყო. საფუძველი პრეზიდენტის ვიზიტია ევროპაში – 31 აგვისტოს მან ბერლინში დაიწყო ოფიციალური შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, საუბრის თემა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერა იყო.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება 12 სექტემბერს შეიტანა. დღეს რეგისტრაციის პროცესი დაიწყება, მომდევნო პროცედურების შესახებ შემდეგ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში 100 ხმა სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობა 83 დეპუტატისგან შედგება. მასში „ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“ შედიან.