რამდენიმე უბნის დათვლა მიდის და ცალსახად ჩანს, რომ უპირატესობა იქნება დიდი - კირთაძე

პუბლიკა

ოპოზიციის ნაწილის საერთო მერობის კანდიდატი ბათუმში და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ უპირატესობა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათუმში მის მხარესაა  და ამას ეგზიტპოლებიც ადასტურებს.

„უპირატესობა არის გაცილებით მეტი, ვიდრე ეს ეგზიტპოლებით ჩანს. გასაგები მიზეზების გამო, ბევრი ერიდებოდა ღიად თავისი პოზიციის დაფიქსირებას. ვიცით, სადაც ვცხოვრობთ. ახლა რამდენიმე უბნის დათვლა მიდის და ცალსახად ჩანს, რომ უპირატესობა იქნება დიდი, თუმცა პარალელურ რეჟიმში „ქართული ოცნება“ სხვა ქალაქების მსგავსად ბათუმში აპირებს, რომ შეცვალოს ამ ქალაქის ამომრჩეველთა ნება ხელოვნური მეთოდებით და ეს მათ არ გამოუვათ.

უამრავი დამკვირვებელი არის და მათ შორის ხმის დათვლის პროცესი იქნება ლაივრეჟიმში. ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, ბათუმის მე-6 საარჩევნო უბანში მოიპარეს 300 ბიულეტენი და ამის გამო არის იქ პრობლემა და ჩოჩქოლი. მაგრამ მინდა, ვუთხრა ყველას ბათუმმა და დიდმა ქალაქებმა, სადაც მეორე ტური გაიმართა, მხარი დაუჭირა ცვლილებებს და ამის შეცვლა ახლა უკვე შეუძლებელია”, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ტელეკომპანია „იმედმა“ GORBI-ის ეგზიტპოლები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლის მიხედვით, 18 საათის მონაცემებით ქუთაისსა და ბათუმში მერობის კანდიდატებს შორის მნიშვნელოვანი პროცენტული სხვაობა არაა.

ქუთაისი
  • ხატია დეკანოიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 48.1%
  • იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51.9%
ბათუმი
  • გიორგი კირთაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -49.2%
  • არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“ – 50.8%

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.