რამდენიმე წყაროსგან გავიგე, რომ მინისტრი ჩემს ფილმზე საკმაოდ აღშფოთებულა - სალომე ჯაში

პუბლიკა

კინორეჟისორი სალომე ჯაში, რომლის ფილმმა „მოთვინიერება“ არაერთი ჯილდო მიიღო და საერთაშორისო წარმატება მოიპოვა, განცხადებას ავრცელებს და კინოცენტრის დირექტორის პოსტიდან გაგა ჩხეიძის გათავისუფლებას ეხმაურება.

„მე და ჩემს კოლეგებს ეჭვი გვაქვს, რომ საქართველოში ფილმის ინდუსტრია დღეიდან ცენზურის ქვეშ მოექცევა“, – ასე იწყება მიმართვის ტექსტი, რომელშიც რეჟისორი საუბრობს კულტურის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე.

სალომე ჯაში წერს, რომ გაგა ჩხეიძეს უფლებამოსილების ვადა აპრილში ეწურებოდა, ამის მიუხედავად კულტურის სამინისტრომ მსგავსი ხმამაღალი, შეურაცხმყოფელი განცხადება გაავრცელა.

ჯაშის ინფორმაციით, აუდიტის შუალედური დასკვნა, რომელსაც ზაფხულში გაეცნენ, არანაირ მითითებას არ იძლევა ჩხეიძის მხრიდან ნეპოტიზმზე ან ფინანსურ გადაცდომაზე.

ამავე ტექსტში რეჟისორი განიხილავს თეა წულუკიანის გამინისტრების შემდეგ მის განცხადებებს გამოძიებისა და სასჯელის შესახებ, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებებს მუზეუმებისა და სალიტერატურო სფეროში.

ჯაში წერს, რომ მინისტრმა ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელი და თანამშრომლები შეურაცხმყოფელად გაათავისუფლა, საჯაროდ შეურაცხყო ლიტერატურის მუზეიმუს ხელმძღვანელი და კონკურს „ლიტერას“ ცენზურისა და დისკრედიტაციის მცდელობაც ჰქონდა.

„სიძულვილის ენა, რომელსაც ის იყენებს, მეტყველებს არა კულტურაზე, არამედ პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე“, – წერს კინორეჟისორი.

სალომე ჯაში ასევე აღნიშნავს, რომ კონოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მინისტრის მოადგილე, რომელსაც კინოს სფეროსთან შეხება არასდროს ჰქონია.

განცხადების დასასრულს რეჟისორი აღნიშნავს, რომ როგორც რამდენიმე წყაროდან გაიგო, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აღშფოთებულია მისი ფილმის, „მოთვინიერების“ გამო.

„ის განაწყენდა, რომ პროექტი კინოცენტრმა დააფინანსა და მისი წარმატებაც გამოაცხადა. ის გაგას ამის გამო აწუხებდა, მიუხედავად იმისა, რომ გაგას ფილმის დაფინანსებაში წვლილი არ აქვს, ის მაშინ კინოცენტრშიც არ მუშაობდა. ის განაწყენდა, რომ ფილმმა მისი მთავარი ჩრდილოვანი პროტაგონისტი და სინამდვილეში მისი ჩრდილოვანი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დადებითი მხარით არ წარმოაჩინა“, – წერს სალომე ჯაში.

სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ აჭარიდან და გურიიდან ბიძინა ივანიშვილის მიერ გიგანტური ხეების გადატანის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის პრემიერა სანდესის კინოფესტივალზე შედგა.


დღეს, 14 მარტს საქართველოს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს კინოცენტრის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა და შიდა აუდიტის დასკვნა პროკურატურაში გააგზავნა.

გაგა ჩხეიძემ „პუბლიკას“ უთხრა, რომ ბოლო დროს კინოცენტრის საქმიანობაში სამინისტრომ უხეში ჩარევა დაიწყო, იყო მცდელობა მითითების და აზრის თავს მოხვევის.