საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ „TV პირველთან“ განაცხადა, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილს თუ სჭირდება სათანადო მკურნალობა, უნდა მიიღოს.
მისი თქმით, საპატრიარქოს რაც შეეძლო, გააკეთა და მოუწოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ. დეკანოზი ამბობს, რომ მის ჯანმრთელობაზე პასუხისგებელი თავად მიხეილ სააკაშვილია, რადგან მან თვითონ გადაწყვიტა შიმშილობა და ამას არავინ აიძულებს.
„თუ სჭირდება [მიხეილ სააკაშვილს], რომ გადაიყვანონ, ამაზე ორი აზრი არ არის, ამას დღესვე ვეტყვით და ხვალვე ვეტყვით [ხელისუფლებას] …ნებისმიერ ადამიანს თუ სჭირდება გადაყვანა, ის უნდა იყოს გადაყვანილი შესაბამის პირობებში, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს „თუ“ ვინ შეაფასებს ამას, ამის კომპეტენცია არ გვაქვს. მე არ ვარ ექიმი და…
ძალიან გთხოვთ, ეკლესიას ისეთ თემაში ნუ მოგვთხოვთ შესვლას, რაც ჩვენი თემა არ არის.
როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვლაპარაკობთ, შიმშლობის თემაზე, გვინდა ჩვენ, თუ არ გვინდა, პოლიტიკურ საკითხს ვეხებით. ეს ხომ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება ეს მისი შიმშილი. ეს ხომ არ არის სარწმუნოებრივი თემა, რომ ჩვენ ამის გარჩევა დავიწყოთ – მართალია/მტყუანია. მას უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, ხელისუფლების შეცვლა, მისი მომხრეები ამბობენ ამას. მან განაცხადა, გამოვალ და 10 დღეში რაღაც პოლიტიკური პროცესები დაინიშნება…
…როდესაც ადამიანი თვითონ აყენებს თავის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, მაშინ თავად უნდა განსაზღვროს ხომ, რამდენად ღირს და რამდენად არა? თუ პოლიტიკური ფასი ისეთი დიდი აქვს ამ ყველაფერს, რომ მან გადაწყვიტა შიმშილობა… ის თავისი ნებით შიმშილობს, ხომ თავისი ნებით შიმშილობს …
პატრიარქმა გაუგზავნა წერილი, სთხოვა შიმშილობის შეწყვეტა… ნუ, რა გავაკეთოთ სხვა ჩვენ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ალბათ, შეწყვიტოს შიმშილობა. მეტი რა შეგვიძლია…
…რამე რომ მოხდეს, თავად იქნება, ალბათ, პასუხისმგებელი, რადგან მან თავად გადაწყვიტა შიმშილობა. მას არ ავალდებულებენ შიმშილობას“, – ამბობს დეკანოზი ანდრეა ჯაღმაიძე „TV პირველთან”.
დეკანოზმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას პატრიარქთან სტუმრობაზეც ისაუბრა. როგორც ჯაღმაიძე ამბობს, მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ გიული ალასანია რამე შუამდგმლობას ან თხოვნას დააყენებდა, თუმცა „ქალბატონ გიულის არაფერი არ უთხოვია პატრიარქისთვის“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა, შიშილობს. მასთან გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ.