აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ქუთაისის აეროპორტიდან ფრენა, უამინდობის მიუხედავად, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მათი განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისი სამსახურები საჰაერო ხომალდის მოყინვის საწინააღმდეგო პროცედურებს დროულად მიმართავენ.
ასევე, სპეციალური მოყინვის საწინააღმდეგო სითხით მუშავდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, ხოლო დღეისთვის დაგეგმილი ყველა რეისის მიღება და გაშვება აეროპორტში შეუფერხებლად სრულდება.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, უამინდობის გამო, შეზღუდულ რეჟიმში ოპერირებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც, მესამე დღეა, ალექსანდრე ქართველის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, რეისებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი იღებს.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის აეროპორტიდან მისი რეისი ათენის მიმართულებით გადაიდო. „პუბლიკა” დაუკავშირდა აეროპორტების გაერთიანებას დამატებითი კომენტარის მისაღებად – იქ განგვიცხადეს, რომ ათენის რეისი აგვიანებს, თუმცა უამინდობა ამასთან კავშირში არ არის.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მგზავრებმა რეისის დაგვიანების შესახებ შეტყობინება ავიაკომპანიისგან მიიღეს – აეროპორტში ხომალდი ჩაფრინდება და შესაბამისი რეისი 18:45 საათზე შესრულდება.