რას ამბობს გერმანიის შს მინისტრი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსსა და მიგრაციაზე

პუბლიკა

გერმანიის რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია.

ხოლო ის, რომ გერმანიამ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა არ ჩადიოდეს გერმანიაში და არ ითხოვდეს თავშესაფარს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ნენსი ფეზერი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გუშინ, 18 დეკემბერს ჩამოვიდა, შეხვედრები კი დღეს, 19 დეკემბერს დაიწყო. ის შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს.

გომელაურთან მან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა და გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეებზე განცხადებაც აქ გააკეთა.

ნენსი ფეზერის თქმით:

„ჩვენი შეთანხმებით და ასევე, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ. მაგრამ 0.3% არის თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის, ჩვენც გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა ამის სწრაფად და ეფექტურად დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. ასევე მიგრაციის შეთანხმებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში გაიზარდა, მაგალითად, უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი“. – განაცხადა ნენსი ფეზერმა IPN-ის თანახმად.

ვახტანგ გომელაურის თქმით:

„საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ თუ გვინდა, რომ დიდ ოჯახში, ევროკავშირში კარი გაგვიხსნან, პირველ რიგში ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ამას მოჰყვება თავისი ვალდებულებებიც”.

ვახტანგ გომელაურისვე განცხადებით, მიგრაციასთან მიმართებაში მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა გამკაცრებულია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეების მიმართაც.

ამასთან, როგორც გომელაურმა აღნიშნა, ამ კუთხით, პრობლემებია საქართველოში შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებაშიც.

„თითქმის ერთი წელი გვიწევს დავა ელემენტარულ საქმეებზე. უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, ყველა უწყებამ უთხრა უარი, ერთი წელი ჩივის, არის დავა. იგივე ხდება გერმანიაშიც, საფრანგეთშიც. გერმანიის შს მინისტრმაც ახსენა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ღაზას სექტორი, უკრაინის პრობლემები, მთელ მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხეებია. მე ვთხოვე ქალბატონ მინისტრს, იქნებ მათი გამოცდილება გაგვიზიარონ. პირველ რიგში ადამიანის უფლებები რომ არ დავარღვიოთ“. – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დღეიდან მოხდება საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევება. 

გერმანიის და საქართველოს შს მინისტრების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.

შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.