რას ჰყვება უბნის თავმჯდომარე პირზე, რომელსაც ორი პირადობის მოწმობა ჰქონდა

პუბლიკა

ნაძალადევის 42-ე უბნის თავმჯდომარის, ეკატერინე მათურელის თქმით, პირმა, რომელსაც ენმ-ის ინფორმაციით გაყალბებული პირადობები აღმოაჩნდა, უბანზე მეორე პირადობა თვითონ მიიტანა, როცა აღმოაჩინა, რომ ახალი პირადობით საარჩევნო სიაში არ იყო და ხმის მიცემაზე უარი უთხრეს.

ეკატერინე მათურელის თქმით, ამომრჩეველი – სახელით ედუარდი – მივიდა საარჩევნო უბანზე და წარადგინა პირადობის მოწმობა, რომლის მიხედვითაც მისი გვარი ჯიქური იყო.

ეკატერინე მათურელი ამბობს, რომ ის სიაში ვერ იპოვეს და განუმარტეს, რომ არ იყო იმ უბნის ამომრჩეველი. ამის შემდეგ კი ამომრჩეველმა თავად უთხრა კომისიის წევრებს, რომ რამდენიმე დღის წინ შეიცვალა გვარი და ძველი პირადობის მოწმობის მოსატანად სახლში წავიდა.

მათურელი ამბობს, რომ ამომრჩეველი სახლიდან მალევე დაბრუნდა უბანზე, მოხდა მისი იდენტიფიცირება, გაიარა ყველანაირი პროცედურა – მარკირება, იდენტიფიცირება მოხდა ფოტოსურათთან, მისცა ხმა და დატოვა უბანი.

ხმის მიცემამდე, მათურელის თქმით, საუბნო კომისიამ კონსულტაცია გაიარა საოლქოს თავმჯდომარესთან და მოიქცნენ მისი რეკომენდაციების შესაბამისად.

„ადამიანი მოვიდა პირადობით, რომლითაც არ იძებნებოდა. ჩვენ ვუთხარით, რომ ის არ იყო რეგისტრირებული არსად. მერე გვითხრა, რომ ახალი აღებული ჰქონდა ს ეს პირადობა, გვარი გადაიკეთა. რომელი გვარიც ჰქონდა, იმით მოიძებნა, იყო ერთიან სიაში, როგორც კედლის, ისე სამაგიდოში. წავიდა და მოიტანა ის პირადობა, რომლითაც იყო რეგისტრირებული.

ყველაფერი იდენტური იყო – ფოტო, მისამართი, პირადი ნომერი. დავრეკეთ საოლქო კომისიაში, ჩავაყენეთ საქმის კურსში, ვიდრე ხმას მისცემდა. ვკითხეთ – რატომ ჰქონდა ორი პირადობა. გვითხრა, რომ გვარი გამოიცვალა და მისცეს მეორე პირადობის მოწმობა.

ამომრჩეველმა ხმა მისცა იმ გვარით, რომლითაც იყო ერთიან სიაში“, – განგვიცხადა პუბლიკას უბნის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, შემთხვევას ესწრებოდა უბანზე მყოფი სხვა პარტიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები და კითხვები არავის ჰქონია.

„ხმოვანზე ჩავრთე, როცა დავრეკე საოლქოში. ადგილზე არავის ჰქონია დამატებითი კითხვა. ვუსმენდით საოლქოს თავმჯდომარეს და მისი მითითებით მოვიქეცით“, – ამბობს მათურელი.

რა თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ?

თამარ კორძაიას თქმით, პირმა, რომელიც ნაძალადევის 42-ე უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს მიაწოდა პირადობის მოწმობის ბარათი, სადაც ის ედუარდ ჯიქურის გვარზეა. რეგისტრატორმა პირადობის ნომერი სიაში იპოვა, თუმცა გვერდზე სხვა გვარი, მსტოიანი იყო მითითებული. ამის შემდეგ კი ამომრჩეველმა მეორე, მსტოიანის გვარზე გაცემული პირადობის ბარათით წარუდგინა რეგისტრატორს.

„ჩვენ გვაქვს ერთი ადამიანი ორი პირადობის მოწმობით, სადაც ემთხვევა სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, ორივე მოქმედია. არ ემთხვევა გვარი და არ ემთხვევა სერია. ამით დასტურდება, რომ ხელისუფლება გაყალბებული პირადობების მოწმობებით აყალბებს არჩევნებს”, – ამბობს კორძაია.

იუსტიციის სამინისტროს განმარტება

იუსტიციის სამინისტრო მალევე გამოეხმაურა პარტიის ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას და ენმ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

სააგენტოს ინფორმაციით, მსტოიანმა გვარი შეიცვალა 22 ოქტომბერს, ცესკოს კი იუსტიციის სამინისტრომ ამომრჩეველთა ერთიანი სია 15 სექტემბრამდე მიაწოდა. შესაბამისად, ედუარდი სიაში შეტანილი იყო ძველი გვარით მსტოიანით.

სააგენტოს განმარტებით, ახალი პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების შემდეგ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ძველი პირადობის მოწმობა გაუქმდა და ახლა მხოლოდ აღნიშნულ ამომრჩევლის ჯიქურის გვარზე გაცემული პირადობის მოწმობაა ვალიდური.

რატომ არ იყო ძველი პირადობა დაზიანებული

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, სადაც პირადობის მოწმობების შესაძლო გაყალბებაზე ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

კითხვაზე – რატომ არ იყო დაზიანებული მსტოიანის ძველი, გაუქმებული პირადობის მოწმობა? – უპასუხა:

„მთავარი იურიდიული მოცემულობაა. პირადობის მოწმობა არის გაუქმებული და ვალიდურია ერთი პირადობა. თქვენც შეიძლება ჰქონდეთ ძველი პირადობის მოწმობა, რომელიც არ ჩააბარეთ, მაგრამ ის ავტომატურად გაუქმებულია. როცა პირს მოაქვს ძველი პირადობა, ვხვრეტთ და ვიტოვებთ, მაგრამ შეიძლება არ მოიტანოს ძველი პირადობა და მიზეზი იყოს ის, რომ დაკარგა, ან სხვა რამ. შეიძლება განაცხადოს, რომ ვერ აგნებს პირადობას ან დაკარგა. თუ არ წარმოადგინა გვარის შეცვლის დროს, ეს კანონდარღვევა ჩვენი, ან მოქალაქის მხრიდან არ არის“, – ამბობს თავმჯდომარე.