„რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა უყურებს ქართულ არხებს“ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„მოდი, ერთი წამით დავფიქრდეთ, რას ხედავს აფხაზი ან ოსი ახალგაზრდა, როცა გადართავს და უყურებს ქართულ არხებს, სატელევიზიო გადაცემებს. ყოველდღიურ რეჟიმში ხედავენ, უსმენენ ძალადობის რიტორიკას, ღვარძლს, შუღლს, ბოროტებას – პირდაპირ უნდა ითქვას – და ამ შუღლის გაღვივებას ჩვენ შიგნით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა შერიგების სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე და ქართული სატელევიზიო სივრცე გააკრიტიკა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქების ტონის გამო.

„არავითარი დისკურსი, დღის წესრიგი არ არსებობს, მე ვგულისხმობ უმეტესობას სატელევიზიო არხებისა და პოლიტიკოსების, ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მთელი საზოგადოება სურთ, დააზომბირონ ამ ყოველდღიურად ხელოვნურად შექმნილი კრიზისებით, საბოტაჟით, შანტაჟითა და შეთქმულებების დადგმით ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.

ოსი ახალგაზრდა, რომელსაც კარგად ახსოვს აგვისტოს ომის მძიმე დღეები, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რას უსმენს ყოველდღიურად ჩვენგან, რა გზავნილებს იღებენ. ხედავენ, რომ ჩვენ შიგნით ვერ ჩამოვყალიბდით, ვერ დავლაგდით, ვერ შევრიგდით,  ვერ განვსაზღვრეთ, რა არის პრიორიტეტული საკითხები, პრობლემები, ამოცანები, როგორ უნდა გადავჭრათ ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე, უმუშევრობა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა მთავრობამ ბევრი რამე გააკეთა 8 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.