4 მაისს, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიტყვით გამოვიდა, ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორმა, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ (PES) მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. სხდომა ივნისშია ჩანიშნული.
„ქართული ოცნება“ PES-ში ამჟამად პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობს. ევროპელი სოციალისტების ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, PES-ში „ოცნების“ სტატუსის საკითხი დაისვა მარტში და აპრილის ბოლოს გამართულ სხდომებზეც.
PES-ის განცხადებას უპასუხა პრემიერმა ღარიბაშვილმაც.
9 მაისს მან განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კონსულტაციები პარტიაში და „გადახედავენ მათთან თანამშრომლობას, გააკეთებენ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში“.
რას ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“ ის, რომ ევროპარლამენტში პარტნიორი პარტია მის სტატუსზე იმსჯელებს და რა გავლენას იქონიებს მათი გადაწყვეტილება საქართველოზე? – „პუბლიკა“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელსა და დირექტორს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
თავდაპირველად კორნელი კაკაჩიამ განმარტა, რატომ არის მნიშვნელოვანი, როცა ქართული პარტია ევროპარლამენტში რომელიმე დიდი ჯგუფის წევრი ხდება. მისი შეფასებით, ეს არის ევროპეიზაციის ერთ-ერთი თანმდევი პროცესი და მისასალმებელია, თუ ქართული პოლიტიკური პარტიები იდეოლოგიით მსგავს ჯგუფებს დაუახლოვდებიან, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობას.
„მათ ექნებათ საშუალება, გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ, აზრები გაცვალონ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და ეს არის კიდევ ერთი ბერკეტი საქართველოსთან დაკავშირებით… მით უმეტეს, იმ ფონზე, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს და მომავალ წლებში გახდება ევროკავშირის წევრი, ეს აუცილებელი კომპონენტია და ახლავეა ეს ნაბიჯი გადასადგმელი, მათ შორის, ახალგაზრდების დონეზე. შეიძლება, წინსწრებით ვსაუბრობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს კონტაქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსა და თვითონ პარტიებისთვის“, – ამბობს ის.
როგორც კორნელი კაკაჩია ამბობს, „ქართული ოცნება“ „ევროპელი სოციალისტების პარტიასთან“ იდეოლოგიური თანხვედრის გამო არ გაერთიანებულა და ეს ნაბიჯი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად გადადგა. კაკაჩია მიიჩნევს, რომ მოსალოდნელი იყო, მათი თანამშრომლობა დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა.
„მიზეზი, რის გამოც „ოცნებამ“ თავიდანვე გააკეთა ეს არჩევანი, იყო მზარდი კრიტიკა „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან, რომელიც გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე და რომელიც იცავდა, განსაკუთრებით, ამ კოჰაბიტაციის პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობას“. ამიტომ მათ უბრალოდ ჩათვალეს, რომ ტაქტიკურად სწორი იქნებოდა, რომ იმისთვის, რომ დაებალანსებინათ ის კრიტიკა, რომელიც მოდიოდა ევროპარლამენტიდან, თუ ისინი შევიდოდნენ „ევროპელ სოციალისტებთან“. ეს კავშირი დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება თანდათან დაადგა დემოკრატიული უკუსვლისა და ავტორიტარიზმისკენ გზას, ბუნებრივია, ამ ყველაფერს გავლენა აქვს. ამ ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო არც ევროპელ სოციალისტებთან და არც სხვა დასავლურ სტრუქტურებთან“, – ამბობს კაკაჩია.
„პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული გზავნილებით სოციალურ-კონსერვატიული ტიპის ამომრჩევლის მიმხრობა გადაწყვიტა და კიდევ უფრო დაუახლოვდა „ულტრამემარჯვენე ჯგუფებს, რომლებიც გარიყული არიან კონსერვატიული ჯგუფებიდან.“
„ის გარეთ დგას ევროპული პოლიტიკური სპექტრისგან და იმ მარგინალური სპექტრის ნაწილი ხდება, რომელიც ულტრაკონსერვატიული და ავტორიტარული ტიპის მმართველებს აერთიანებს, რაც მთლიანობაში აზარალებს ქვეყნის ისედაც შერყეულ იმიჯს“, – აცხადებს კაკაჩია.
მისი თქმით, თუ ევროპელი სოციალისტები პარტიაში „ოცნების“ სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებენ, საქართველოს მმართველი პარტია საბოლოოდ ამოვარდება ევროპული დისკურსიდან.
„ქართული პოლიტიკა მოიგებდა, რაც უფრო მეტი პარტია გვეყოლებოდა ჩვენ ჩართული ევროპის პოლიტიკაში სხვადასხვა იდეოლოგიური ოჯახიდან, იმიტომ რომ ეს მაინც იქნებოდა ევროპული დისკურსის ნაწილი. ახლა „ქართული ოცნება“ ამოვარდება, ალბათ, ამ დისკურსიდან და დაადგა ავტოკრატიული მმართველობის გზას, რომლის დასასრული, არ ვიცი, როგორი იქნება.
ამ თვეებში ყალიბდება წევრი სახელმწიფოების აზრი საქართველოს კანდიდატის სტატუსზე და ამ მომენტში ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გაღიზიანებას იწვევს, როგორც ევროსტრუქტურებში, ასევე ზოგადად, ჩვენს მეგობრებში, ხელს ვერ შეუწყობს [სტატუსის მიღებას] საქართველო კარგავს ევროპელი სოციალისტების მხრიდან სერიოზულ მხარდაჭერას.
ეს არის საკმაოდ ძლიერი ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელთა უკან დგანან სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტური მთავრობები და ბუნებრივია, ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ამ პროცესში ჩვენს სასარგებლო ნაბიჯებს მათი მხრიდან“, – ამბობს კაკაჩია.
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი „ფორმულასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ არ იცის, ვისთან შეიძლება გაერთიანდეს „ქართულ ოცნება“, „ევროპელი სოციალისტების“ მიერ გარიცხვის შემთხვევაში.
იოზვიაკის თქმით, მას შეუძლია, შეუერთდეს ევროპის კონსერვატიულ ჯგუფს, თუმცა მასში უდიდესი პარტია პოლონეთის პრემიერის პარტიაა და ისინი სააკაშვილის მეგობრები არიან; ჟურნალისტი აცხადებს, რომ ის ვერ შეუერთდება „ევროპის სახალხო პარტიას“, რომლის წევრიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, შეხედულებების აცდენის გამო, ვერ შეუერთდება ვერც ლიბერალებს და კონსერვატორებს, თუ მას სოციალისტები გარიცხავენ. მისი მიღების სურვილი არ ექნება არც მწვანეებს.
„მას შეუძლია შეუერთდეს ულტრამემარჯვენეებს, ასეთ შემთხვევაში კი, არ მგონია, კარგად გამოიყურებოდეს საქართველო, რომელსაც ასეთი პრემიერი ან მმართველი პარტია ეყოლება“, – ამბობს იოზვიაკი.