რას ნიშნავს "დანაშაული გამოისყიდა"? - 14 წლის გოგონას დედა

პუბლიკა

14 წლის გოგონას (რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა) დედა “მთავარ არხთან” საუბარში ამბობს, რომ მისი შვილის ოჯახის წევრები, ბაბუის ძმის შვილები, გოგონას ბიძები, მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ.

“ბავშვი უმოწყალოდ უცემიათ ბიძებს, და ქობულეთის პოლიციაში ჩაუყვანიათ, და უთქვამთ, რომ გაუპატიურებული იყო. სანამ პოლიციაში მიიყვანდნენ გზაში ეუბნებოდნენ, რომ არ ეთქვა, რომ სცემეს, თორემ არ გაცოცხელბთო, უთხრეს” – ყვება გარდაცვლილი გოგონას დედა.

“როდესაც ჩემი მამამთილი ამბობს, რომ ბავშვმა თავისი სიკვდილით დანაშაული გამოისყიდა, რას ნიშნავს ეს? 13 წლის ბავშვი ამ დონეზე რატომ მიიყვანეს?  – ამბობს იგი.

ბავშვის ბაბუა ერთერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ბავშვმა დანაშაული ასე გამოისყიდა – “დანაშაული, რომ გააუპატიურეს.”

10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დიაწყო.

გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. როგორც ის ჟურნალისტებს ეუბნება, გოგო გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. მისი თქმით, ეს იცოდა პოლიციამ, გოგოს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც, თუმცა პასუხმა დაიგვიანა, რასაც, ბაბუის თქმით, არასრულწლოვანი განიცდიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქობულეთში 1997 წელს დაბადებული ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავა. მას დღეს აღმკვეთის სახით პატიმრობა განესაზღვრა.