რას პასუხობს ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე კითხვას

პუბლიკა

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს, სტივენ დაუთის თემთა პალატაში მიმდინარე განხილვის დროს კითხვები დაუსვეს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. მან შეშფოთება გამოხატა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე და მიუთითა ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე, შეემცირებინა „ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა.

„მე ღრმად ვარ შეშფოთებული ქართული ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, ეს ყოვლად მიუღებელია. საპასუხოდ, ჩვენ შევაჩერეთ დახმარების პროგრამა საქართველოს მთავრობისთვის, შევზღუდეთ თავდაცვის თანამშრომლობა და შევამცირეთ ჩვენი ჩართულობა „ქართულ ოცნებასთან”. დავუწესეთ სავიზო აკრძალვა და სანქციები ძალადობაზე პასუხისმგებლებს და ვაგრძელებთ მუშაობას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერის მიზნით”, – აღნიშნა მან.

დამატებით, მას ჰკითხეს, დაუწესებს თუ არა დიდი ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილის სანქციებს, რადგან „ქართული ოცნების” დამფუძნებლის ქონების დიდი ნაწილი არის გაერთიანებული სამეფოს ან ბრიტანეთის გარე ტერიტორიებზე.

„შეუერთდება თუ არა დიდი ბრიტანეთი ჩვენს მოკავშირეებს და გაუყინავს აქტივებს ასეთ საზიზღარ ტირანს?”, – ჰკითხა მას დეპუტატმა.

სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი წინასწარ არ აკეთებს კომენტარს შესაძლო სანქციებზე, რადგან ეს მათ ეფექტს შეამცირებს.

„აშშ-სთან თანამშრომლობით, დიდმა ბრიტანეთმა დააწესა სანქციები შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის, ასევე, სამი პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე.

რამდენადაც ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოში განვითარებული სიტუაციის ახლოდან დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სანქციებზე, რადგან ეს მათ გავლენას შეამცირებს”, – თქვა მან.